აფთიაქებმა წამლები გააძვირეს - ხელოვნურად გაზრდილი ფასები მედიკამენტებზე და სქემა, რომელშიც, სავარაუდოდ, რამდენიმე მსხვილი სააფთიაქო ქსელია გაერთიანებული

წამლები

აფთიაქებმა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული იმავე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას თითქმის გაუთანაბრეს.

რატომ გაძვირდა წამლები და არის თუ არა კარტელური გარიგებები სააფთიაქო ბაზარზე - თუ გაირკვევა, რომ მსხვილმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ფასები შეთანხმებულად, ხელოვნურად გაზარდეს მათ სოლიდური თანხით დააჯარიმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს არაკეთილსინდისიერ ქმედებაში ადანაშაულებს.

ქსელური გარიგება - გაიაფებული მედიკამენტების გასაძვირებლად, თანაც ისე, რომ კანონი არ ირღვევა. სქემა ასე მოქმედებს - ერთ ჰოლდინგში შემავალ აფთიაქს, კლინიკას, სადაზღვევო კომპანიას და იმპორტიორს შეუძლიათ მარტივი შეთანხმებით ნებისმიერ მედიკამენტს ნებისმიერი ფასი დაადონ და სხვა ფარმაცევტულ კომპანიებს საკუთარი თამაშის წესები უკარნახონ.

გაფრთხილება გაცემულია, არ არის გამორიცხული ჯანდაცვის სამინისტრომ ჰოლდინგების დაშლის გადაწყვეტილებაც მიიღოს.

ყველა წამყვან სააფთიაქო ბრენდში თურქული მედიკამენტები და წამლები, რომლებზეც რეფერენტული ფასები დადგინდა - მნიშვნელოვნად გაძვირდა.

ჯანდაცვის უწყებამ წამლების გაძვირების პარალელურად ეჭვი, რომ ფარმაცევტული კომპანიები შესაძლოა შეთანხმებით მოქმედებდნენ, ღიად დააფიქსირა. მალევე გავრცელდა მთავრობის დადგენილებაც.

მთავრობის რეაქციიდან რამდენიმე საათში, ფასები ძველ ნიშნულზე დაბრუნდა, თუმცა ფასის ხელმისაწვდომობის მიუხედავად ხელმისაწვდომი აღარ იყო თავად წამალი.

ამ გარემოებამ კიდევ უფრო მეტი ეჭვი გააჩინა. სააფთიაქო გიგანტების არცერთ წარმომადგენელს ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია. მათი სახელით მომხდარის შესაძლო მიზეზებზე, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში საუბრობენ.

თურქეთში მედიკამენტები გასული წლის დეკემბერში 36%-ით მართლაც გაძვირდა, საქართველოში კი იგივე დასახელებები თებერვლის ბოლოს 200-300%-ით.

გარდა ბაზებზე ხელმისაწვდომობისა, მედიკამენტების ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია მედიკამენტებზე ინდივიდუალურად, რეფერენტული ფასების დადგენას განაგრძობს. ეს იმისთვის, რომ არაადეკვატური ფასნამატის შემთხვევები აღარ დაფიქსირდეს. პარალელურად პრობლემის წინასწარი შესწავლა დაიწყო კონკურენციის სააგენტომ.

დადასტურების შემთხვევაში, ფარმაცევტულ ბრენდებს სოლიდური ჯარიმის - წლიური ბრუნვის 5%-ის გადახდა მოუწევთ. გარდა ფინანსური სანქციისა, მაქინაციის გამოვლენის შემთხვვაში კომპანიების რეპუტაციაც მნიშვნელოვნად შეილახება.

სახელმწიფოს კი 15 მარტიდან წამლის ფასის კონტროლის ახალი მექანიზმიც ექნება.

პრობლემას ხელისუფლება სხვადასხვა მექანიზმებით ებრძვის. ერთმანეთს ბიზნეს ინტერესები და მოქალაქეებისთვის წამლის ხელმისაწვდომობა უპირისპირდება. თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მოქალაქეებისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა. საქართველოში, GMP სტანდარტის ასობით დასახელების მედიკამენტი შემოვიდა და გასული წლის მარტიდან, წამლებზე ფასი 60-დან 80%-მდე შემცირდა.