28-წუთიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის: თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხანდაზმული მამაკაცი გადაარჩინა

სასწრაფო

თბილისის სასწრაფო დახმარების N0830 ბრიგადა გეგმურ გამოძახებაზე მიდიოდა, როდესაც ქუჩაში შეკრებილი ხალხი შენიშნეს, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ.

გამვლელებს სკამზე დაესვათ 90 წლის მამაკაცი, რომელიც კონტაქტური აღარ იყო - მას არც პულსი ჰქონდა და არც სუნთქვა. მედიკოსებმა წამებში მიიღეს გადაწყვეტილება და ადგილზე დაიწყეს ბრძოლა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გადასარჩენად. ისტორიას სოციალურ ქსელში გვერდი - “შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ აქვეყნებს.

თბილისის მე-8 ფილიალის N0830 ბრიგადა გამოძახებაზე მიდიოდა, როდესაც ქუჩაში ჩოჩქოლი შეამჩნია. ადგილზე შეკრებილი ადამიანები დახმარებას ითხოვდნენ.ბრიგადის წევრები დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სადისპეტჩეროს და გამოძახების მისამართზე სხვა ბრიგადის გაგზავნა ითხოვეს. გამვლელებს სკამზე ჰყავდათ დასმული დაახლოებით 90 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც პარამედიკოსი მალხაზ შენგელია იხსენებს, პაციენტის პირველადი შეფასებით დადასტურდა სუნთქვისა და პულსის არარსებობა.ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. მონიტორზე მონაცვლეობით ასისტოლია და ფიბრილაცია ფიქსირდებოდა.დაახლოებით 28-წუთიანი უწყვეტი რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მონიტორზე აღდგა სინუსური რიტმი.

პაციენტი ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციით ფორს-მაჟორულ რეჟიმში შეიყვანეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც დადგინდა, რომ ანამნეზში კარდიომიოპათია და სხვა ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.მკურნალობა შესაბამის განყოფილებაში გაგრძელდა. მოგვიანებით ხანდაზმული მამაკაცის შვილიშვილი პარამედიკოს მალხაზ შენგელიას დაუკავშირდა და ბაბუას გადარჩენისთვის მთლიან ბრიგადას მადლობა გადაუხადა.

პაციენტის მდგომარეობა დღითი-დღე უმჯობესდება და მალე ბინაზე გაეწერება.როგორც პარამედიკოსი გვიყვება, პაციენტის სრულყოფილ მართვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ბრიგადის უმცროსმა ექიმმა მარიამ ობოლაძემ და ბრიგადის მძღოლმა მიხეილ მჭედლიშვილმა, რომლებიც უწყვეტად და შეუფერხებლად იყვნენ ჩართულნი რეანიმაციის პროცესში.

პარამედიკოსი მალხაზ შენგელიაუმცროსი ექიმი მარიამ ობოლაძემძღოლი მიხეილ მჭედლიშვილი