24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია
1730390148
ფეხმძიმე ღვთისმშობლის ფრესკა ძალიან იშვიათია მართლმადიდებელ სამყაროში დირბის ღვთისმშობელი უშვილოთა შემწეა. მას ევედრებიან უშვილონი, ორსულნი, სხვადასხვა სულიერი და ფიზიკური სნეულებით შეჭირვებულნი და განსაცდელში მყოფი ადამიანები. არაერთი სასწაული მომხდარა ამ ხატის შემწეობითა და მფარველობით.
დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკაზე ორსული ღვთისმშობელია გამოსახული. მსგავსი გამოსახულება ძალიან იშვიათია მართლმადიდებლურ სამყაროში.
ფრესკიდან დაიწერა რამდენიმე ხატი, რომლებიც ასევე მონასტერშია დაბრძანებული. დირბის ღვთისმშობელთან უწყვეტად მოედინება უშვილო წყვილთა ნაკადი, რომელთაგან მრავალი გარკვეული პერიოდის შემდეგ გაბრწყინებული თვალებითა და მადლიერებით ბრუნდება იმის გამო, რომ მათ დედაღვთისმშობელმა შვილი აჩუქა.ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი. ქარელის რაიონში სოფელი დირბში მდებარეობს.
დირბის ღვთისმშობელმა არაერთი სასწაული მოახდინა, რასაც თავად მლოცველები ჰყვებიან.
მიდგომილი ღვთისმშობლის (ორსული)ფრესკა XIV საუკუნეს მიეკუთვნება და ტაძრის უნიკალური მოხატულობიდან, თითქმის დაუზიანებლად შემოგვრჩა
ასობით შეჭირვებული ადამიანი, უშვილონი, სნეულნი, ასევე ორსულნი მიდიან დირბის დედაღვთისმშობელთან მისი დედობრივი შემწეობისა და სითბოს საძიებლად. მორწმუნენი, საკუთარი ხელით წერენ დირბის ღვთისმშობლისადმი ვედრების შემდეგ მათ თავს აღსრულებული სასწაულების – შვილიერების, კურნებებისა და სხვათა შესახებ. მონასტერში, ასევე, მოედინება მართლმადიდებელი მრევლი სხვა ქვეყნებიდანაც. მრავალი შეტყობინება მოდის ინტერნეტითაც. სოციალურ ქსელებში მონასტრის გვერდზე ადამიანები წერენ მოხსენიების თხოვნებს, საკუთარ ტკივილიან ამბებსა და მათ თავზე აღსრულებული სასწაულების შესახებ.
მომლოცველთა ჩანაწერები დირბის დედათა მონასტერში ინახება:
„გამარჯობა. ვარ 40 წლის, მეუღლე – 47-ის. გავთხოვდი შარშან, მაისში. მის მერე არ ვრჩებოდი ორსულად. გავიგე დირბის ღვთისმშობლის შესახებ და ამ წლის 16 მაისს პირველად მოვილოცეთ. სულ ვატარებდით სარტყელს. მეორედ მოვილოცეთ 13 აგვისტოს – დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულზე. დღეს გავიგე, რომ ვარ ორსულად. მადლობა დედაღვთისმშობელს უდიდესი სასწაულისთვის. ვერ ვიჯერებ. მკურნალობაც არ დამჭირვებია, ისე დავრჩი ორსულად ამ ასაკში. მადლობა უფალს. მადლობა დედაღვთისას... მადლობა თქვენ.“
„აგვისტოს 13-ში ვიყავით დირბის მონასტერში. შევიძინე, რაც საჭირო იყო. მეუღლე სამი წლის განმავლობაში მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ექიმთან სიარულს თავი დავანებეთ და ორივემ ღვთისმშობლის სარტყელი გავიკეთეთ. 3 თვეში ორსულად დავრჩი. ბარბარობას გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველა უშვილო წყვილი გაახაროს დედაღვთისმშობელმა ისე, როგორც ჩვენ გაგვახარა“, – წერს ეკატერინე.
„ოთხი წელი არ გვყავდა შვილი, სულ ვლოცულობდით და უფალს შევთხოვდით გულმოწყალებას. 2019 წლის 31 მარტს მოვილოცეთ დირბის დედათა მონასტერი. დავესწარით პარაკლისს. მე და ჩემი მეუღლე ვატარებდით სარტყელს და შევთხოვდით უფალს შვილს. დაახლოებით ერთ თვეში შევიტყვე, რომ ორსულად ვიყავი. მინდა, ყველას გაგიზიაროთ ჩემი სიხარული და გირჩიოთ ამ სასწაული ადგილის მოლოცვა“.
„დიდება უფალს! მე და ჩემს მეუღლე ბავშვს თითქმის 8 წელი ველოდით. გამოკვლევების მიხედვით, შვილის ყოლის არანაირი სირთულე არ იყო, მაგრამ შვილი არ გვეძლეოდა. ძალიან მინდოდა, მომელოცა მონასტერი, მაგრამ გამუდმებით დაბრკოლებებს ვაწყდებოდი და ვერცერთხელ ვერ მოვახერხე. მინდოდა, მელოცა მიდგომილი ღვთისმშობლის ხატთან, მაგრამ საზღვარგარეთ მიწევდა წასვლა – როდის დავბრუნდებოდი, არ ვიცოდი და ამიტომ გადავწყვიტე, ხატი შემეძინა და თან წამეღო. თანაც, წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე მიდგომილი ღვთისმშობლის ხატი იყო ჩემს ოჯახში დაბრძანებული. გამგზავრებამდე სხვადასხვა საეკლესიო ნივთების შესაძენად მაღაზიაში წავედი, სადაც მამაოც იყო და (არ ვიცი რომელი ტაძრიდან) გამყიდველს ესაუბრებოდა. ყველაფერი, რაც მჭირდებოდა შევარჩიე. მხოლოდ ჩემთვის სასურველი ხატი ვერ ვიპოვე და გამყიდველს მივმართე. მამაომ მიმითითა, რომ ეს არ არის ხატი, რომ ეს მხოლოდ ფრაგმენტია ფრესკიდან და ცალკე ხატად შეძენა არ შეიძლებაო. მეც გამოვტრიალდი და წამოვედი. თუმცა ამ მაღაზიაში არც ჰქონდათ ხატი, მამაოს მითითების გათვალისწინებით სხვაგანაც აღარ მიძებნია. უცხოეთში ცხოვრების პერიოდში, ერთ-ერთ არხზე ვუყურე გადაცემას, რომელშიც მიდგომილი ღვთისმშობლის ხატზე იყო სიუჟეტი. ძალიან დამწყდა გული, რომ მაშინ უცნობ მამაოს ვენდე და ხატი არ შევიძინე. სიუჟეტის ბოლოს, კომპიუტერის ეკრანზე აღბეჭდილ ხატს ხელით შევეხე და გულწრფელი ცრემლი წამსკდა, კარგა ხანს ასე გულამომჯდარი ვტიროდი. გავიდა არც ისე დიდი დრო და დღე-დღეზე პატარას ველოდებით. უფალმა და დედაღვთისმშობელმა დაგლოცოთ და გაგამრავლოთ“, – წერს მაია.
ასევე დაგაინტერესებთ: "მირონმდინარე ხატებთან მოლოცვის შემდეგ, 672 ბავშვი გაჩნდა, ადამიანები კომიდან გამოვიდნენ... მაგრამ წლებია ეს ხატები ჩვენს ოჯახში აღარ ინახება" - რუსთავში აღსრულებული სასწაულები