„ცხედარი გაუპატიურებული და გაგუდული იყო“ - 10 წლის შემდეგ გახსნილი 11 წლის გოგოს მკვლელობის დეტალები და უმაღლესი განაჩენი (უცხოეთი)

ლენტა

11 წლის ელისონ პაროტის მკვლელობის საქმე კანადაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ და რთულად გასახსნელ დანაშაულად ითვლება.

პატარა გოგონა 1986 წლის 25 ივლისს გაუჩინარდა, მას შემდეგ, რაც უცნობმა მამაკაცმა ფოტოგრაფად გაასაღა თავი და „ფოტოსესიაზე“ მიიწვია.

ელისონს სირბილი უყვარდა და ცოტა ხნით ადრე 800-მეტრიან შეჯიბრებაში გამარჯვებაც მოიპოვა. სწორედ სპორტულმა წარმატებამ მიიქცია მკვლელის ყურადღება. მამაკაცი კვირების განმავლობაში რეკავდა პაროტების სახლში და გოგონას ეძებდა.

გაუჩინარების დღეს ელისონი სახლიდან მარტო გავიდა. დედას უთხრა, რომ სტადიონზე ფოტოსესიაზე მიდიოდა და მალე დაბრუნდებოდა, თუმცა შინ აღარ მისულა. 55-საათიანი ძებნის შემდეგ გოგონას ცხედარი პარკში იპოვეს — მას ხელები შეკრული ჰქონდა და სიკვდილამდე გაუპატიურებული იყო.

საქმეზე ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი ფრენსის კარლ როი იყო. კაცი, რომელიც წარსულში სექსუალური ძალადობისთვის უკვე იყო ნასამართლევი. თუმცა იმ წლებში დნმ-ის ექსპერტიზა ჯერ არ გამოიყენებოდა და მტკიცებულებების სიმცირის გამო მისი დაკავება ვერ მოხერხდა.

გამოძიება წლების განმავლობაში ჩიხში იყო შესული. მხოლოდ 10 წლის შემდეგ, როდესაც პოლიციამ ძველ საქმეებში დნმ-ის ანალიზის გამოყენება დაიწყო, ელისონის საქმეც ხელახლა გახსნეს. ექსპერტიზამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ მკვლელი სწორედ ფრენსის კარლ როი იყო.

სასამართლოზე კაცი ამტკიცებდა, რომ გოგონას ცხედარი შემთხვევით იპოვა, თუმცა დნმ-ის მტკიცებულებებს ვეღარ გაექცა. ერთთვიანი პროცესის შემდეგ მას უვადო პატიმრობა მიესაჯა, პირობითი გათავისუფლების უფლების გარეშე 25 წლის განმავლობაში.