„ტელეფონში სროლის ხმა შემომესმა. ბიჭებს დაუყვირა, ალყაში ვართო… მერე ტელეფონი გაუვარდა…“ – დის უკანასკნელი საუბარი შინდისის გმირ ძმასთან

shindisis gmiri

აგვისტოს ომის მებრძოლებზე, პირველად, თუკი რაიმე საგმირო ამბავი გახსენდება, ეს ნათლია-ნათლულის ისტორიაა. დაუჯერებელი ამბავი, რომელიც ფილმის სცენარი უფრო გგონია, ვიდრე რეალობა და მით უმეტეს, 21-ე საუკუნის რეალობა… დიახ, ალეკო ონიანმა 21-ე საუკუნის საქართველოს ისტორია დაწერა.

ნაკაწრი არ ჰქონდა, მაგრამ სასიკვდილოდ დაჭრილი ნათლული შუაგულ ომში არ დატოვა…

როდესაც რომან ზოიძე უკვე სისხლისგან იცლებოდა, ალექსანდრეს სთხოვდა: დამტოვე, თავს უშველეო. არ დაგტოვებ და არც მათ ჩავბარდებითო, – იყო ნათლიის პასუხი, მტკიცე და საბოლოო. გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, ხელყუმბარა მომარჯვებული.

ამბობენ, დაჭრილები ბოლომდე ეხვეწებოდნენ, მათ შორის მომაკვდავი რომან ზოიძე – ერთი ნაკაწრიც არ გაქვს, შენ მაინც გაასწარი, ჩვენს საფლავზე შესანდობარს მაინც იტყვიო…

უკვე ალყაში იყვნენ. ალექსანდრეს ყველა დაჭრილი ნათლულთან შეუგროვებია და მოძღვრისთვის დაურეკავს… სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა.

მხოლოდ ერთი ყუმბარა ჰქონდათ დარჩენილი. “ცისფერჩაფხუტიანები” წინ მოიწევდნენ… ალექსანდრეს მომაკვდავი ნათლული ხელში აყვანილი გამოჰყავს შენობიდან. იჩოქებს. ცად ხელებაღმართულნი ხმამაღლა ლოცულობენ – “მამაო ჩვენო”…

“მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი”, – ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს: ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, “ლიმონკა” მაქვს და თავს ავიფეთქებთ, ეს თვითმკვლელობა არ იქნებაო, ამბობდა ნათლია… მერე ხელყუმბარის აფეთქების ხმა იყო…

ნათლია-ნათლულის გმირობამ ბევრი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა. მათ მტერი საათ-ნახევრის განმავლობაში შეაჩერეს შინდისთან და საკუთარი სისხლის ფასად ძალიან დიდი დანაკარგიც აგემეს რუს აგრესორებს.

რომანი 20 წლის იყო, ალექსანდრე 27-ის. უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, კაპრალი რომან ზოიძე კი ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

ალექსანდრე ონიანი 1981 წლის 9 მარტს დაიბადა, მრავალშვილიან ოჯახში. ორი და და ორი ძმა ჰყავდა. ლენტეხში, სოფელ შახუნდერში გაიზარდა. სანიმუშო ბავშვი ყოფილა. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოიხადა. პირველად უმცროსი ძმა წავიდა კონტრაქტზე, შემდეგ – ალეკო.

ალეკოსთან უკანასკნელ საუბარს, “პრაიმტაიმთან” მისი და, ელენე ონიანი იხსენებს.

ელენე ონიანი: – ალეკო და რომანი ერთად მსახურობდნენ სენაკში. მახსოვს, დამირეკა, უნდა მოვნათლოო და აღფრთოვანებით მელაპარაკებოდა ამ თემაზე. მერე მონათლა. რომანი მისი ერთადერთი ნათლული იყო.

ძალიან ვაჟკაცური ხასიათის იყო. შეუპოვარი, ერთგული, იდეალური ძმა იყო. ჩვენ, ოჯახს, არ გაგვკვირვებია მისი საქციელი. როგორც შვილისთვის შეუძლია ადამიანს თავის გაწირვა, ასევე შეეძლო მას ნებისმიერი მებრძოლისთვის გაეწირა თავი. ბავშვობიდან ასეთი იყო. მისგან ეს გმირობა ბუნებრივი საქციელია.

მახსოვს, 11 აგვისტოს დავურეკე. ომის შეწყვეტაზე ხელი რომ მოეწერა და ვუთხარი, სვანეთში ვარ დედასთან და წამოდი უკვე, ხომ ხედავ ომი დამთავრდა, ბევრი ბიჭი სახლებში დაბრუნდა-მეთქი. ეგ მეორედ არ გაიმეორო, დაიკოო. ჩვენს უმცროს ძმაზე ვუთხარი, სოზარი სამშვიდობოს არის-მეთქი. ამოისუნთქა, რადგან კარგად არის, არ დავეძებო… იმ მომენტში შინდისში დაბომბვა დაიწყო. მე სროლის ხმა შემომესმა. ბიჭებს დაუყვირა, ბიჭებო, თავს უშველეთ, ალყაში ვართო. როგორც ჩანს, ტელეფობი ხელიდან გაუვარდა და მე სროლის ხმები და ეს გადაძახილები მესმოდა. და გაწყდა ხმა… ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საუბარი.

 ჩვენ უნდა ვიცოდეთ მათი ისტორია-შინდისის კიდევ ერთი გმირის ისტორია-ალექსანდრე ონიანი ალექსანდრე ონიანი ერთ-ერთი შინდისის გმირის ...

ეს ემოციები გამიახლა ფილმმა “შინდისმა”. ძალიან მძიმე საყურებელი იყო ჩემთვის. ალეკო სხვადასხვა ნომრით მირეკავდა. ნომრების ჩაწერას რომ ვერ ვასწრებდი, ჩქარ-ჩქარა ვაწერდი კედლებზე. ხან რომელ ნომერზე გადავურეკავდი, ხან – რომელზე. ემოციურად უმცროსი ძმისკენ, სოზარისკენ უფრო ვიყავით გადართული. ალეკოზე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ცოცხალი არ დაბრუნდებოდა. პრინციპში, არც არაფერი მოსვლია, თვითონ გადაწყვიტა იქ “დარჩენა”… 27 წლის იყო, უმცროსი ძმა, სოზარი 23 წლის… გვერდიგვერდ არიან დაკრძალულნი.

მხოლოდ ალეკო არ არის გმირი, აგვისტოს ომის ყველა მონაწილე გმირია. ალეკო უბრალოდ თავისი მოქმედებით გამოიკვეთა ამ ომში. საამაყო ბიჭები გვყავდა. ამ წაგებულ ომში ბიჭების საქციელით მოგებული დავრჩით. თავისი თავგანწირვით ახალი ისტორია დაწერეს.

რომან გვენცაძე დიტო ცინცაძემ 25 ბიჭთან ერთად შეარჩია. აქ ერთი ასეთი ისტორია მოხდა. ბიჭები, გადაღებების დაწყებამდე, ალეკო ონიანის ბიძამ გაიცნო. ამ 25 ბიჭში, ბიძამ, ალეკოს სახე რომან გვენცაძეში დაინახა და რეჟისორს რომ უთხრა, მასაც უკვე არჩევანი სწორედ ამ მსახიობზე ჰქონდა გაკეთებული.

ბიჭებმა გადაღების დაწყებამდე, თელავში ორკვირიანი მოსამზადებელი კურსი გაიარეს. იმ პერიოდში არც ერთმა არ იცოდა, ვის რა როლი ერგებოდა. თელავიდან ჩასულები, 11 აგვისტოს, გმირების საფლავი მოინახულეს.

რომან გვენცაძე: – მაშინ გავიცანი ალეკოს ბიძა, გური ონიანი, რომელიც “შინდისის” პროდიუსერმა და პროექტის ავტორმა, ედმონდ მინაშვილმა მოიყვანა ჩვენთან. გურიმ ყველა გაგვიცნო, ჩამოგვიარა, ჩემთან შეყოვნდა, დიდხანს გაჩერდა. მერე რეჟისორისთვის უთქვამს ჩემზე, ალეკოს როლზე ეს ბიჭი იქნებაო. დიტომაც დაუდასტურა, ჩვენც რომანი გვყავდა ალეკოს როლზე შერჩეულიო.

გმირს ვთამაშობ. არ არის ადვილი შეასრულო რეალური გმირის სახე, რომელმაც ამხელა რამ გააკეთა, თავი აიფეთქა. მეგობრები ხელში აკვდება, ნათლული დაჭრილია. რამხელა მისიას იღებს თავზე.

ალეკო რომ “მამაო ჩვენოს” კითხულობს და ხელში მომაკვდავი ნათლული ჰყავს, ამ კადრის ერთი დუბლი რომ გადავიღეთ, მეორემდე, რეჟისორს ვთხოვე, რომ დასამშვიდებლად დრო მოეცა. ემოციურად ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ სცენამ. რამდენიმე წუთი დამჭირდა, რომ თავი ხელში ამეყვანა და სამუშაო გამეგრძელებინა.

რომან ზოიძის როლში გიორგი ხურცილავაა, “ჯაპანას” შვილი. პარტნიორი ხელს უნდა გიწყობდეს და ასეც იყო. გიორგიც ემოციურად ისე დაიტვირთა, რომ დასამშვიდებლად მასაც დრო დასჭირდა. ორივემ ძალიან განვიცადეთ ალეკოს და რომანის როლების შესრულება.

ბედნიერება მხვდა წილად, რომ ჩვენი გმირი, რომელმაც ისტორია დაწერა, გავაცოცხლე ეკრანზე. თუმცა გამოვტყდები, მეტად უნდა დავხარჯულიყავი.

ყველას გვტკივა აგვისტოს ომი. ის ტერიტორიები ჯერ ისევ ოკუპირებულია. ამ ბიჭების სახელით უნდა მოხდეს ჩვენი მიწის დაბრუნება. ამ ბიჭებმა სასწაული გააკეთეს. ედმონდის არ იყოს, სხვებს გმირები არ ჰყავთ და იგონებენ, ჩვენ ეს გმირები გვყავდა… და მუდამ გვეყოლებიან.