სუსი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1733824430
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის რეჟიმის გამკაცრების მიუხედავად, ადამიანური ურთიერთობები ჯერ კიდევ არ შეწყვეტილა. გთავაზობთ ქართველი ნათიას ჩანაწერებს, რომელიც სოხუმსა და ბიჭვინთაში ზღვის სეზონზე სამუშაოდ იყო ჩასული და იქ მომუშავე სხვა ქართველებიც ნახა…
– როდესაც მეგობარმა შემომთავაზა, სოხუმში ჩვენს ნათესავს რესტორანი და კაფე აქვს და პერსონალი სჭირდებაო, დიდხანს არ მიფიქრია, თუ ნორმალურად გადამიხდიან, წამოვალ, რუსული ვიცი-მეთქი. დედას რომ ვუთხარი, სოხუმში მივდივარ, ერთი სეზონი ვიმუშავებ-მეთქი, შეიცხადა, მაგრამ ხვეწნა-მუდარის შემდეგ დავითანხმე იმ პირობით, რომ დილა-საღამოს დავურეკავდი და ანგარიშს ჩავაბარებდი…
ენგურის ხიდზე ჯერ რუსმა სამხედროებმა შემამოწმეს, შემდეგ აფხაზმა მესაზღვრეებმა. ერთი გამეხუმრა, ისეთი ლამაზი ქალები ჰყავთ ქართველებს, აქედან არ გაგიშვებთო… ჯერ გალის სოფლები გავიარე. უცნაური რაიონია – აყვავებული კარ-მიდამოებისა და გადამწვარი, დაცარიელებული სახლების სინთეზი. შენ ოჩამჩირე უნდა ნახო, ჩერნობილს ჰგავსო, მითხრეს. მართლაც რამდენიმე კილომეტრი ისე ვიარეთ, ოჩამჩირეში კაცის ჭაჭანება არ იყო… ცოტა ხანში მანქანების სიმრავლით მივხვდი, სოხუმში შევდიოდით. გზად რამდენიმე ადგილას გაჩეხილი პალმების გროვა შევნიშნე. მძღოლმა მითხრა, პალმებს სოჭიდან გადმოსული გრძელნისკარტა მწერი ახმობს და არაფერი შველისო. სოხუმშიც ვნახე დაცარიელებული და დამწვარი სახლები… რამდენიმე ადგილას ერთმანეთთან დერეფნით დაკავშირებული სახლებიც შევნიშნე. თურმე ერთი ქართველისა ყოფილა და ომის შემდეგ მეზობელმა აფხაზებმა მიითვისეს…
ყავა მოგვინდა… სოხუმზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ “ამრა” მშობლებისგან გაგონილი მქონდა. მათ სოხუმის უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრეს და როცა სტუდენტობას იგონებდნენ, იქაურ ჯადოსნურ ყავას ნატრობდნენ… არ ვიცი, იქნებ მაშინ მართლაც გემრიელი იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად სულაც არ მომჩვენებია…
თეთრგალავნიან სახლს მივადექით. შენობაში განთავსებული რესტორნისა და ეზოში ღია კაფე-ბარის მფლობელი თავაზიანად შემხვდა, ჯერ დაისვენე და მერე ვისაუბროთო. არ დავღლილვარ-მეთქი. ქართველებს ჰგონიათ, რომ ვიკბინებით, არადა, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, გონს რომ მოვიდოდნენ, ერთად ისევ კარგად ვიქნებოდითო. პოლიტიკისგან შორს ვარ-მეთქი, მოვუჭერი სასწრაფოდ. შემდეგ თითი რომელიღაც მშენებარე ობიექტისკენ გაიშვირა, საწყობს, ავტოფარეხსა და კიდევ ერთ კაფეს ქართველები აშენებენო…
ჩვენი დამსაქმებელი აფხაზეთში დიდი გავლენით სარგებლობს და ქართველ მუშახელზე არჩევანი იმიტომ შეუჩერებია, რომ თანამედროვე სარემონტო სამუშაოებში უკეთ ერკვევიანო… იქაურმა ქალებმა კი მითხრეს, სინამდვილეში, ჩვენი კაცები ზარმაცები არიან და მუშაობას თაკილობენო…
პირველი ათი დღე სამზარეულოში დამხმარედ ქანცის გაწყვეტამდე ვიმუშავე. მერე უფროსს ვთხოვე, აქაურობას გაგილამაზებთ-მეთქი და მაგიდებზე ყვავილების დალაგება დავიწყე… ორ კვირაში უფლებები და შესაბამისად, ანაზღაურებაც გამიზარდეს. ჩემი მოვალეობა ღია კაფეების გაკონტროლება იყო. კვირაში ერთხელ სიახლეც უნდა შემეტანა – კოქტეილი, დესერტი ან სულაც დიზაინი შემეცვალა. მევალებოდა კაფე-ბარების მომსახურე პერსონალის გაკონტროლებაც – სისუფთავის შემოწმება დერეფნებსა და სამზარეულოში და ა.შ. განაგრძეთ კითხვა
ასევე ნახეთ:
VIDEO: პატიმრობა მიუსაჯა ბლოგერს, რომელმაც TikTok-ზე ღორის ხორცის ჭამის ვიდეო ჩაწერა (ინდონეზია)