ინტერვიუ უვადო პატიმართან, რომელმაც ციხეში ცოლი მოიყვანა და შვილიც შეეძინა

ციხე

პატიმარს, ვლადიმერ ზაზაძეს „პრაიმტაიმი“ მერვე საპყრობილეში შეხვდა. ის სასჯელს 2 ადამიანის მკვლელობისთვის იხდის... 

ამ ექსკლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ, როგორია უვადო პატიმრის ცხოვრება ციხეში, რომელმაც პატიმრობის პერიოდში იქორწინა და შვილიც ჰყავს... ციხეში მეურნეობას ეწევა და საკუთარ თავს უზრუნველყოფს...

უფრო მეტი კი წაიკითხეთ მარი ჯაფარიძის ინტერვიუდან, რომელიც „პრაიმტაიმის არქივში“ ინახება:

„ჩემი მეუღლე უკვე პატიმრობის დროს გავიცანი. მაშინ მობილური ტელეფონი თითქმის ყველას გვქონდა ციხეში. შემთხვევით გამოუშვა ზარი ჩემთან და უცხო ნომერი რომ ვნახე, გადავურეკე.

ასე გავიცანი, შემდეგ პაემანზე მოვიდა და გადავწყვიტეთ დაქორწინება“, – უყვება „პრაიმტაიმს“ უვადო პატიმრობაში მყოფი ვლადიმერ ზაზაძე, რომელი ამჟამად სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში იხდის სასჯელს. ის 39 წლისაა და ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში ორი ადამიანის მკივლელობისთვის გაასამართლეს.

„20 წლის ვიყავი, როცა დამაპატიმრეს. ორი ადამიანი მოვკალი. სავალდებულო სამხედრო სამსახურში ვიყავი. მაშინ ჯერ კიდევ ე.წ. „დედოვშინა“ იყო.

ერთმა ჯარისკაცმა ჩემი დაჩაგვრა მოინდომა და ამის გამო მასთან შელაპარაკება მომიხდა.

იმისათვის, რომ ჩვენი დაპირისპირება არ გაგრძელებულიყო, სხვა ნაწილში გადამიყვანეს. საზღვარზე ვმსახურობდი.

ერთ დღეს ცვლა რომ დავასრულე, წამოვედი და გზაში შემხვდა თავის მეგობართან ერთად.ისევ მოგვიხდა შელაპარაკება, ჯერ სიტყვიერი, მერე ჩხუბზე გადავედით. იმათ ავტომატები ჰქონდათ, რადგან განწესში იყვნენ.

ავიღე მათივე იარაღი და ორივე მოვკალი. დავასწარი უბრალოდ, რადგან ჩხუბის დროს ჯერ იმან გაიწია იარაღისკენ და მეც უცებ დავწვდი და ვესროლე. ამის შემდეგ წამოვიღე ავტომატები, გადავმალე და მივედი სახლში. დილით მომაკითხა პოლიციამ და ამიყვანა“.

„ციხეში ოჯახიც შევქმენი და 14 წლის შვილი მყავს. ჩემს მეუღლეს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ოჯახიდან, მაგრამ სიყვარულმა მაინც თავისი გაიტანა და გაიმარჯვა. 

შვილი პირველად 2 თვის რომ გახდა, მაშინ ვნახე. ახლა ფოთში ცხოვრობს ბებიასთან, კარგად სწავლობს. გოგონებს ხომ იცით, მამები განსაკუთრებულად უყვართ და ვგრძნობ, რომ მასაც ძალიან ვუყვარვარ. ჩემი მეუღლე უცხოეთშია“.

„დღეს არსებული კანონის მიხედვით, უვადო პატიმარს, რომელიც 15 წელს მოიხდის, შეუძლია დაწეროს სასამართლოში განცხადება და თუ სასამართლო ჩათვლის, რომ უნდა გაუშვას, მაშინ დატოვებს ციხეს და შინაპატიმრობა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაა შემდეგი პერსპექტივა.

მე უკვე ორჯერ მქონდა სასამართლო და უარი მითხრეს. გაზაფხულზე მესამედ მექნება. ძალიან კარგი დახასიათება მქონდა ციხიდან, მაგრამ დაზარალებულების ფაქტორი მოქმედებს. ისინი არ მაძლევენ თანხმობას, რომ სასამართლომ გამიშვას“.