"გეტყვით, რას ვერ მოვესწრები" - გია ყანჩელის უკანასკნელი ინტერვიუ

yancheli

დღეს ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის  გია ყანჩელის დაბადების დღეა. საქართველოს სახალხო არტისტი 87 წლის გახდებოდა.

ლეგენდას კოლეგები, მეგობრები და საზოგადოება იხსენებს. დღეს ჩვენ გავიხსენეთ კომპოზიტორის უკანასკენლი ინტერვიუ, რომელიც ჟურნალ OK!-ის 2019 წლის მარტის თვის ნომერში დაიბეჭდა.

გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან, რომელიც გამოცემისთვის ჟურნალისტმა თაკო გვაზავამ ჩაწერა:

„მე გამოვიარე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება. თუ მივაღწიე, წელს 84 წელი შემისრულდება. ჯერ მინდა მოგიყვეთ იმაზე, თუ რას მოვესწარი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგა ინატრებდა ასეთ ბედ-იღბალს. მე ურთიერთობა მქონდა მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, შემსრულებლებთან, მოვიარე თითქმის მთელი მსოფლიო და მოსმენილი მაქვს ჩემი მუსიკა საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ყველაფრის ჩამოთვლას, რადგან ეს დიდ დროს წაგვართმევს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი შეიძლება შეფასდეს, როგორც ბედნიერი ცხოვრება. 

ჟურნალისტები ძალიან ხშირად მეკითხებიან - თუ ასე ბედნიერი ბრძანდებით, რატომ წერთ ასეთ ტრაგიკულ მუსიკას? მე ვპასუხობ: თქვენ გნებავთ, რომ უბედური ვიყო და დავწერო ხალისიანი მუსიკა? ტრაგიკულ მუსიკას იმიტომ ვწერ, რომ მიუხედავად ჩემი ასეთი ბედნიერი ცხოვრებისა, გარშემო რაც ხდება, ჩემს სამშობლოში, მსოფლიოში, არასოდეს მაძლევდა უფლებას, დამეწერა სხვანაირი მუსიკა. ამიტომ ის ძირითადად სევდიანი და ტრაგიკულია.

მე მოგიყევით, რას მოვესწარი. ახლა კი მოგიყვებით იმას, რასაც ვერ მოვესწრები. სამწუხაროდ, ვერ მოვესწრები ჩემს ქალაქში ტრადიციული, ფილარმონიული ცხოვრების დაფუძნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მუსიკის მოყვარულებმა წინასწარ იცოდნენ, როდის შესრულდება მოცარტი, ბრამსი, ბახი, სტრავინსკი და ასე შემდეგ. იგივეს ნატრობდა ჩემთან ერთად ჯანსუღ კახიძე, მაგრამ ამას ვერ მოესწრო ის და ვერ მოვესწრები მეც. ქვეყანა და ერი, სადაც ეს კლასიკოსები ან თანამედროვე მუსიკის ბრწყინვალე წარმომადგენლები არ სრულდება, არ შეიძლება ჩაითვალოს მაღალი კულტურის მატარებელ ერად.

იცით, კიდევ რას ვერ მოვესწრები? რომ საქართველოში არსებობდნენ პოლიტიკოსები და პარლამენტი, სადაც საწინააღმდეგო აზრის მქონე პიროვნებები არ მიაყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, სიძულვილს და გესლს. აი, ამას ვერ მოვესწრები..."

- ბატონო გია, გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე ნათელი პერიოდი.

- ეს დაკავშირებულია პირად ცხოვრებასთან. მე მყავს შეუდარებელი, საოცარი მეუღლე. ჩვენ 52-ე წელია ერთად ვართ და კარგად მესმის, რა მძიმე და რთული იყო ჩემი გაძლება. ჩვენ გვყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი − ნატო და სანდრო; საოცარი რძალი - მარიკა გოგორიშვილი, რომლის მიმართ ისეთივე გრძნობები მაქვს, როგორიც ჩემი შვილების მიმართ. გვყავს ოთხი ერთმანეთზე უკეთესი შვილიშვილი. ეს ყველაფერი დაკავშირებულია სიხარულთან, ბედნიერებასთან, სიმშვიდესთან.

...რაც შეეხება იმას, თუ როდის ვგრძნობ ბედნიერებას მუსიკასთან დაკავშირებით, ეს ხდება მაშინ, როცა მთავრდება ჩემი ნაწარმოები − როგორც წესი, ძალიან ჩუმად და ნელა. შემდეგ ეს გადადის დარბაზში და სიჩუმე გრძელდება ხუთი, რვა, ათი წამი... აი, მაშინ ვარ მე ბედნიერი, რადგან ვგრძნობ - შესრულებული მუსიკა სწორად იქნა აღქმული დარბაზის მიერ.

ხშირად მომიყოლია, მაგრამ მინდა თქვენც მოგიყვეთ ერთი არაჩვეულებრივი შემთხვევის შესახებ: ლეიფციგის გევანდჰაუზის მთავარი დირიჟორი იყო კურტ მაზური, რომელმაც შემიკვეთა მე-6 სიმფონია და ლეიფციგში შეასრულა. ამის შემდეგ გავიდა დრო და დადგა დღე, როცა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის გერმანიაზე გამარჯვების 40 წლისთავი უნდა ეზეიმათ. გერმანიის იმდროინდელმა მთავრობამ კურტ მაზურს სთხოვა, გაემართა კონცერტი, სადაც აჟღერდებოდა საბჭოთა კავშირის გამარჯვება გერმანიაზე.

კურტ მაზურმა დაურეკა ჩემს მეგობარს, ალფრედ შნიტკეს და სთხოვა: ალფრედ, მე ვიცი, რომ ბატონი გია ხალისიან მუსიკას არ წერს და ისიც ვიცი, რომ არ შეხვდება ამ თარიღს ფანფარებით. დაურეკე და სთხოვე, იქნებ დაწეროს რამე, რასაც ამ დღეს შევასრულებ. მაშინ დავწერე „სევდა ნათელი“. ეს არის ნაწარმოები, სადაც სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მღერის ბიჭუნათა გუნდი და სადაც არის ამონარიდები ოთხი პოეტის: შექსპირის, გოეთეს, პუშკინის და გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან.

მე და ჩემი მეუღლე წავედით პრემიერაზე. ნაწარმოები დაახლოებით 35 წუთი გრძელდება. დასრულდა. დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი, ჩამოვარდა სიჩუმე. კურტ მაზური დგას, ორკესტრი ზის, დარბაზი გარინდებულია და ასე გადის 10, 15, 20 წამი. მე უკვე ვეკითხები მეუღლეს: გამაგებინე, რა ხდება? ეს დიდხანს გრძელდებოდა. გარკვეულ მომენტში კურტ მაზური ჩამოვიდა პულტიდან, ხელი ჩამოართვა კონცერტმეისტერს და აი, მაშინ დაიწყო დარბაზის რეაქცია. რომ მოვდიოდი, გადმომცეს მაგნიტური ფირი, სადაც ჩაწერილი იყო ეს კონცერტი. ვინაიდან ხანდახან მულტფილმებზე ვმუშაობდი, შინ წამმზომი მქონდა და როგორც კი სახლში მოვედი, გავზომე ეს სიჩუმე, რომელიც დაახლოებით 40 წამი გრძელდებოდა. სწორედ ეს იყო ჩემთვის ბედნიერება. ეს ის შემთხვევაა, როცა უხილავი ძაფები იბმება დარბაზსა და სცენას შორის..."