რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
კანის კიბოს 73-ჯერ დასმული დიაგნოზი, მარტო გაზრდილი შვილები და სიყვარული, რომელიც წლების შემდეგ იპოვა – დღეს ჰილარია მირესკის ისტორია უნდა მოგიყვეთ, რომელიც გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ალბათ ერთხელ მაინც შეგხვედრიათ ვიდეო, სადაც უჩვეულო გარეგნობის ქალისა და მამაკაცის ქორწილია ასახული. მსოფლიომ ის სწორედ ამ კადრებით გაიცნო, თუმცა, მშობლიურ ბრაზილიაში მას დიდი ხანია, რაც მებრძოლ ჰილარიას ეძახიან. ეს არის ამბავი ქალზე, რომელმაც ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგა და დღეს თავისი გამოცდილებით სხვა ადამიანებსაც აძლევს იმედს.
ჰილარია ბრაზილიის ერთ-ერთ პატარა სოფელში დაიბადა. ბავშვობაში ფიზიკურად შრომა ხშირად უწევდა. 6 წლის ასაკიდან მამასთან ერთად მინდორში მუშაობდა. ათშვილიან ოჯახში გაზრდილს საკუთარი თავისთვის დრო თითქმის არ რჩებოდა. სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებიც საკმაოდ შეზღუდული ჰქონდა. მოგვიანებით ოჯახი შექმნა. როგორც თავად ამბობს, მეუღლე მასზე ფიზიკურად ხშირად ძალადობდა და ემუქრებოდა. ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მან ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო: დატოვა ოჯახი, რომელშიც თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა.
განშორების შემდეგ ჰილარია 2 მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად სრულიად მარტო დარჩა. უფროსი 4-ის, ხოლო უმცროსი 2 წლის იყო. საკმარისი განათლების არ არსებობის გამო, ქალაქში სამსახურის პოვნა უჭირდა. ამიტომ წლების განმავლობაში ქუჩებს ასუფთავებდა, რათა ქალიშვილებისთვის უკეთესი მომავალი შეექმნა.
ჯანმრთელობის პრობლემები 1998 წელს დაეწყო, როდესაც კანზე სხვადასხვა წარმონაქმნი და ლაქა გაუჩნდა. ბიოფსიის შემდეგ ექიმებმა მას კანის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოგვიანებით ჰილარიას გორლინ-გოლცის სინდრომი დაუდგინეს. ეს იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კანს, მხედველობასა და ძვლოვან სისტემებს აზიარებს. ასევე, კარცინომის განვითარების რისკს საგრძნობლად ზრდის.
ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს კანზე სიმსივნური წარმონაქმნები შეიძლება არაერთხელ გაუჩნდეთ. მირესკის შემთხვევაში დაავადებასთან ბრძოლა წლები გაგრძელდა. მას კანის კიბოს დიაგნოზი 73-ჯერ დაუსვეს.
საჭირო ხდებოდა განმეორებითი გამოკვლევები, მკურნალობა, სხივური თერაპია და ქირურგიული ჩარევები.
ყველაზე რთული მისთვის 2019 წელი აღმოჩნდა. სიმსივნის გამო ჰილარიას მარცხენა თვალისა და ცხვირის ნაწილის ამოკვეთა დასჭირდა. ფიზიკურ ტკივილს საზოგადოების წნეხიც ემატებოდა. უჩვეულო გარეგნობის გამო მას ხშირად დასცინოდნენ. როგორც თავად იხსენებს, საავადმყოფოში პანიკური შეტევები ჰქონდა... უჭირდა იმ ცვლილებებთან შეგუება, რომლებსაც სარკეში ხედავდა.
თუმცა, ამის გადალახვაც შეძლო. გადაწყვიტა გარეგნობა არ დაემალა და თავისი ისტორია ხმამაღლა მოეყოლა. მისი მიზანი მხოლოდ საკუთარი გამოცდილების გაზიარება არ ყოფილა - სურდა, ადამიანებისთვის ეჩვენებინა, რომ მძიმე განსაცდელის დროს მხარდაჭერა და თანაგრძნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
არაერთი მძიმე გამოცდის შემდეგ, ჰილარიასთვის ბედნიერი დღეებიც დადგა. თან მაშინ, როდესაც ამ ყველაფერს ყველაზე ნაკლებად ელოდა. ადაო პერეირას პირველად 7 წლის წინ საავადმყოფოში შეხვდა. ჰილარია იქ მკურნალობის მორიგ კურსს გადიოდა, ადაო კი ავადმყოფ მამას ახლდა თან. დროთა განმავლობაში ისინი დაახლოვდნენ. როდესაც ჰილარიას სამედიცინო ვიზიტებზე თანმხლები სჭირდებოდა და ქალიშვილები მის გვერდით ყოფნას ვერ ახერხებდნენ, ამას ადაო აკეთებდა.
რთულ პერიოდში დაწყებული ნაცნობობა თანდათან მზრუნველობასა და თანადგომაზე დაფუძნებულ ურთიერთობად გადაიქცა. 2026 წლის 10 ოქტომბერს მათ ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება გადაწყვიტეს.. ქორწინების ცერემონია კათოლიკურ ეკლესიაში გაიმართა. კადრები კი ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.
ჰილარიასთვის, რომლის ცხოვრებაც ძალადობასთან, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებსა და საზოგადოების მხრიდან მტკივნეულ დამოკიდებულებასთან ბრძოლით იყო სავსე, ეს დღე ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისად იქცა.
მირესკის ბრძოლა ჯანმრთელობის პრობლემებთან კვლავ გრძელდება. მის დასახმარებლად ორგანიზებულმა შემოწირულობების კამპანიამ მნიშვნელოვანი თანხის მოგროვება შეძლო. ჰილარიას სახის რეკონსტრუქციული ოპერაციის იმედი აქვს. მანამდე კი ქალების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. 2026 წლის 28 ოქტომბერს ის ბრაზილიაში დაგეგმილ ღონისძიებაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს, რომელიც კიბოს წინააღმდეგ მებრძოლი ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება. შეხვედრის მიზანი მისი ისტორიის გაზიარება და ადამიანებში იმედის გაძლიერებაა.