ვისაც სურვილი აქვს მე-12 წელიც ისწავლოს, გავაკეთებთ შემდეგ სისტემას - ყოველი წლის მარტში ღია სარეგისტრაციო ბადეს გამოვაცხადებთ, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლე დარეგისტრირდება - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე „ღამის კურიერის“ ეთერში განათლების რეფორმაზე საუბრობს და განმარტავს, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, მე-12 წელიც ისწავლონ, ყოველი წლის მარტში, სარეგისტრაციო ბადის გამოცხადებითანავე დარეგისტრირებას შეძლებენ.

„ჩვენ გვაქვს ხედვა, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებსა და არგუმენტებზე, რომ 11-წლიანი სწავლება თითოეულ ჩვენს მოზარდს მისცემს სრულფასოვან განათლებას. ამიტომ, არ გვინდა, რომ ზედმეტი პერიოდი დავაყოვნოთ ისინი სკოლაში და შესაბამისად, იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ მე-12 წელიც ისწავლონ, ამ შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ შემდეგ სისტემას - ყოველი წლის მარტში ღია სარეგისტრაციო ბადეს გამოვაცხადებთ, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლე დარეგისტრირდება მე-12 კლასში. ის აიღებს 11 კლასის ატესტატს, თუმცა იმ რეგისტრაციის გავლის საფუძველზე ჩაირიცხება მე-12 კლასში და კიდევ ერთ ატესტატს აიღებს. ორივე ატესტატს საქართველოს რეალობაში, სამართლებრივი კუთხით, ერთი და იგივე იურიდიული ძალა ექნება. ის ახალგაზრდები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 12-წლიან სწავლებაზე გადავიდნენ და ამის არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ უცხოეთში გააგრძელონ საბაკალავრო დონის განათლება, მათთვის იქნება ეს კომპონენტი საინტერესო.

ჩვენ აქ საუბარი გვაქვს საჯარო სკოლებზე და საჯარო სკოლების რეგისტრაციაზე. კერძო სკოლებსაც იგივე სისტემა შეეხება, უბრალოდ, თუკი საჯარო სკოლების შემთხვევაში ვამბობთ, რომ რეგისტრაციას ვაცხადებთ და სად ვინ დარეგისტრირდება შემდგომში, გეოგრაფიული და რაოდენობრივი კომპონენტიდან გამომდინარე, სადაც საჭირო იქნება, ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, ჩვენ აუცილებლად გავხსნით რომელიმე კონკრეტულ სკოლაში მე-12 კლასს. ანუ, ეს იქნება რამდენიმე სკოლაში და იქნება დამოკიდებული, რამდენი ადამიანი დარეგისტრირდება და სად იქნება მათი საცხოვრებელი ადგილი. ხოლო კერძოს შემთხვევაში, მათაც 11-წლიანი ექნებათ, მაგრამ ყველა კერძო სკოლას შეუნარჩუნდება მე-12 კლასი. თუ ისე მოხდა, რომ ყველა მოსწავლე დარეგისტრირდა და ყველამ გამოთქვა სურვილი, შეიძლება ყველა იმ სკოლაში, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს 12-წლიან სწავლებაზე, საჯარო სკოლებზე მაქვს საუბარი, ყველგან გავაგრძელებთ 12 კლასს, ეს იქნება ცოცხალი პროცესი,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.