ორი აუდიტორიითა და ერთი ბიბლიოთეკით დაწყებული ისტორია – პირველი უნივერსიტეტის დაბადება

თსუ

"ვაკეზე მიწის შეძენა მოვახერხეთ. ახლა შენობისათვის უნდა გვეზრუნა. მაგრამ საიდგან, რა ღონით, ფული სად იყო? გადავწყვიტეთ, ჩვენი საწყალი ჯიბეები გადმოგვებრუნებინა და რაც გვქონდა, ამოგვებერტყა. იყო შედგენილი სიები ქართველ მოხელეთა, მსახურთა და ასე გროშობით, სწორედ გროშობით შეკრებილი ფულით ჩავყარეთ საძირკველი" – იაკობ მანსვეტაშვილი "მოგონებანი".

საუკუნის წინ ასე ჩაეყარა საფუძველი ქართველების ცოდნის ტაძარს, მაგრამ სანამ პირველი უნივერსიტეტის შენობა გაჩნდებოდა, იყო იდეა, რომელიც ქართველ ისტორიკოსებს საქართველოდან შორს ყოფნის დროს გაუჩნდათ.

საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე - 19 საუკუნის დასაწყისში დაიბადა. უმაღლესი სკოლის შექმნის რეალური შესაძლებლობები კიდევ უფრო გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც თბილისის სათავადაზნაურო - საადგილმამულო ბანკი დაარსდა. პირველი ქართველი ბანკირი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძე მე - 19 საუკუნის სამოციან წლებში აქტიურად იბრძოდა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებისთვის.

1917 წელს, ივანე ჯავახიშვილი პეტერბურგში იწყებს ქართული უნივერსიტეტის დაარსების შესახებ შეხვდრებს. მის ბინაში იკრიბებიან უნივერსიტეტის დაფუძნებით დაინტერესებული ცნობილი ქართველი ისტორიკოსები: ექვთიმე თაყაიშვილი, აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე, კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, დიმიტრი უზნაძე, პეტრე მელიქიშვილი, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე და გიორგი ახვლედიანი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების იდეის მთავარი მოწინააღმდეგე - რუსეთია. ისინი ქართველებს იმასაც ურჩევენ, რომ ქართული უნივერსიტეტის ნაცვლად, რუსული დააარსონ. შალვა ნუცუბიძე იხსენებს:

"მზრუნველი კილოთი გვირჩევდნენ, ხელი აგვეღო იმ უიმედო საქმის დაწყებაზე, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტი ეწოდებოდა. ქართულ ენას არ ააქვს არც მეცნიერული ტერმინოლოგია, არც მეცნიერული ტრადიცია, ყველა ამის შექმნა არა თუ ძნელი, უიმედო საქმეაო - გვეუბებოდა ეს გულშემტკივარი ხალხი".

რადგანაც უნივერსიტეტის დაფუძნებას ეწინააღმდგებიან იმ არგუმენტით, რომ სამეცნიერო ტერმინოლოგია იმ დროისთვის საქართველოში არ არსებობს, ივანე ჯავახიშვილი და უნივერსიტეტის სხვა დამფუძნებლები ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურდებიან. ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, იქმნება კომისიაც, სადაც სამეცნიერო ტერმინოლოგიაზე იწყებენ მუშაობას. 

პირველი ქართული უნივერსიტეტი იმდროინდელი ინტელიგენციის შემოწირულობებით აშენდა. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკმა. ის რუსეთის იმპერიაში არსებულ ბანკებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც თავის შემოსავალს ერის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეურნეო ინტერესებს ახმარდა. როგორ აშენდა უნივერსიტეტის შენობა? 

იაკობ მანსვეტაშვილი მოგონებებში წერდა, როგორ სიდუხჭირეში შეძლო ინტელიგენციამ შენობის აშენება.

"როდესაც მოვახერხეთ და ჩვენი სათავად-აზნაურო სკოლა საყოველთაო საშუალო სასწავლებლად გადავაკეთეთ, საკუთარი თავშესაფარი არ გვქონდა ამისთვის, კატის კნუტივით დავათრევდით ამ სასწავლებელს და ხან ერთ შენობაში გადავიტანდით, ხან მეორეში, მაგრამ ყველა ყოვლად უვარგისი იყო, გამოუსადეგარი, სწავლებისთვის სრულიად მოუწყობელი. უნდა გვეფიქრა საკუთარი შენობის შესაძენად. შესაფერისი ტფილისში არაფერი მოიპოვებოდა.

უნდა გვეფიქრა საკუთარ შენობაზე. გართულდა საქმე, ფული ბევრი უნდოდა. ჩვენი გროშებით და თუნდ მანეთებითაც ვეღარას გავხდებოდით. უნდა სხვა ღონე გვეღონა. აი, სწორედ აქ იჩინა თავი ნიკო ცხვედაძემ".

მთავარი კორპუსის ოთხსართულიანი შენობა, რენესანსული არქიტექტურის მოტივებს ეფუძნება. მთავარი ფასადის ცენტრალურ ნაწილს გუმბათით დასრულებული შვერილი წარმოადგენს, რომელიც რუსტრირებული და გიგანტური კორინთული პილასტრებითაა გაფორმებული. შენობის ხუროთმოძღვარია პირველი ქართველი არქიტექტორი, რომელსაც აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული — სიმონ კლდიაშვილი, მშენებლობის ორგანიზატორი კი — ცნობილი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ ცხვედაძე. ვრცლად