მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტუდენტებისთვის - ვინ მიიღებს გაზრდილ სტიპენდიას

სტუდენტები

ახალი სასწავლო წლიდან თბილისის მერიისგან მაგისტრანტები გაზრდილ სტიპენდიას მიიღებენ. წარმატებული სტუდენტები სემესტრულად, 562 ლარის ნაცვლად, 1000 ლარით დაფინანსდებიან. მთავარი პირობები უცვლელია - დაფინანსებას მიიღებს თბილისში რეგისტრირებული ის პირი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში ყველა სალექციო კურსში 91 ქულაზე მეტი აქვს დაგროვებული. იმაზე, რომ გადაწყვეტილება სტუდენტებში სწავლის მოტივაციას კიდევ უფრო გაზრდის, ის მაგისტრანტებიც საუბრობენ, რომლებმაც მერიისგან სტიპენდია აქამდეც მიიღეს.

სტიპენდიის ზრდის მიზეზი მთავრობის გადაწყვეტილებაა. მერიის იმ თანხას, რომელიც შემოდგომის სემესტრიდან მოწყვლადი ჯგუფების პირველ კურსზე სწავლისთვის უნდა დახარჯულიყო, სრულად სახელმწიფო დაფარავს. ამიტომ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გამოთავისუფლებული თანხები სრულად საგრანტო სტიპენდიებზე გადანაწილდება. აღსანიშნავია, რომ იმ სტუდენტებს, რომლებიც ბაკალავრის საფეხურზე მერიისგან ფინანსდებიან, მხარდაჭერა სწავლის დასრულებამდე შეუნარჩუნდებათ. ამ მიმართულებით მიმდინარე წელს დაფინანსება მიიღო 1175-მა სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა, 376-მა მრავალშვილიანი ოჯახის წევრმა და 376-მა შშმ სტატუსის მქონე პირმა.

თბილისის მერის კულტურის, სპორტისა და განათლების სამსახურში კიდევ ერთ სიახლეზე მუშაობენ. ახალგაზრდებისთვის ახალი პროგრამა იქმნება, რომლის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარამდეა. "ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის" - ამ პროგრამის ფარგლებში კვლევითი გრანტებით დაფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა და ინოვაციური იდეების შემუშავებაზე იმუშავებენ.

სტუდენტების წახალისების პროგრამებს თბილისის მერია 2015 წლიდან ახორციელებს. მთავარი მიზანია ფინანსური ბარიერის შემცირება, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, დედაქალაქში მცხოვრები ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათი პროფესიული წინსვლის მხარდაჭერა. თბილისის მერის განცხადებით, ახალგაზრდების მხარდაჭერა მერიის უცვლელი პრიორიტეტია და მათ ინტერესებზე მორგებული პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.

"ისწავლე და დასაქმდი" - ეს თბილისის მერიის კიდევ ერთი პოპულარული პროგრამაა, რომლის დახმარებითაც ათასობით მოქალაქე უკვე გადამზადდა. პროექტი თბილისელებს შესაძლებლობას აძლევს, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები შეისწავლონ და დასაქმდნენ. პროგრამა ამ დროისთვის 100-მდე სხვადასხვა სპეციალობას აერთიანებს.