დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - 8 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სტუდენტებს მოუწოდებს, რეგისტრაცია დადგენილ ვადაში გაიარონ და ვადის ამოწურვამდე ყურადღებით გადაამოწმონ საკუთარი განაცხადი, მათ შორის, პირველ პრიორიტეტად არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიმდინარე გამსვლელი ქულა და პრეტენდენტთა რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა აქვთ, შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ განაცხადში.
ელექტრონულ პორტალზე მობილობის კონკურსი სტუდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და საკონკურსო ქულის გათვალისწინებით მიმდინარეობს. პირველ რიგში, ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ის სტუდენტები, რომლებსაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა პირველ პრიორიტეტად აქვთ მითითებული. დარჩენილი ადგილები შემდგომი პრიორიტეტების შესაბამისად ნაწილდება.
მოცემულ ვადაში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, ელექტრონულ პორტალზე დააკვირდეს კონკურსის მიმდინარეობას, შეადაროს საკუთარი საკონკურსო ქულა პროგრამაზე მიმდინარე გამსვლელ ქულას და კონკურსის მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს განაცხადი. კერძოდ, შეცვალოს პროგრამების პრიორიტეტული თანმიმდევრობა, წაშალოს ან ჩაანაცვლოს პროგრამა, დაამატოს ახალი პროგრამა ან შეცვალოს განაცხადში მითითებული პროგრამების ჩამონათვალი. ამასთან, სტუდენტმა უნდა გადაამოწმოს მობილობით სარგებლობისთვის დადგენილი წინაპირობები და დარწმუნდეს, რომ გადახდილი აქვს მობილობის საფასური, ჩაბარებული აქვს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული შესაბამისი საგნები და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მინიმუმ ერთი აქტიური წელი უფიქსირდება.
მნიშვნელოვანია, რომ პორტალზე მითითებული „გამსვლელი ქულა“ წარმოადგენს საორიენტაციო მონაცემს და არ არის წინასწარ განსაზღვრული მინიმალური ზღვარი. საბოლოო შედეგი დამოკიდებულია კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საკონკურსო ქულებზე, მათ პრიორიტეტებსა და პროგრამაზე არსებულ ვაკანტურ ადგილებზე. ამასთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის გამოცდა, გასაუბრება, შემოქმედებითი ტური, ათვისებული კრედიტების რაოდენობა და სხვა პირობები. შესაბამისი ინფორმაცია სტუდენტისთვის ხელმისაწვდომია ელექტრონულ პორტალზე, პროგრამის „შენიშვნების“ გრაფაში.
სტუდენტმა განაცხადში ნებისმიერი ცვლილება 8 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა განახორციელოს. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ ცვლილების შეტანა აღარ იქნება შესაძლებელი.
მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტებს ელექტრონული პორტალის - students.emis.ge - პირად სარეგისტრაციო გვერდზე 11 სექტემბერს შეეძლებათ.