1757777400
KIU-ში 2025 წლის ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა საზეიმოდ დაიხურა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-ს და GITA-ს 2025 წლის ინოვაციების საზაფხულო სკოლის დახურვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ.
საზაფხულო სკოლის დახურვას დაესწრნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, პროექტის მენტორები და სტუდენტები, ასევე მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 2025 წლის საზაფხულო სკოლა ივლისში დაიწყო და ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საზაფხულო სკოლა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიურად ხორციელდება. წელს პროექტში 55-მდე სტუდენტი ჩაერთო.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში KIU-ს სტუდენტებმა გაიარეს სტარტაპის შენების კურსი, ანტრეპრენერების, ნიკოლოზ გოგოჭურისა და ნიკოლოზ როსტომაშვილის ავტორობით. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეუმჯობესებინათ ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები და მიეღოთ სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვისთვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება. სტუდენტები რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდნენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავეს საკუთარი იდეები, დააკომპლექტეს გუნდები და ინოვაციური პროექტების მოდელები ჟიურის წინაშე წარადგინეს. ფინალურ ეტაპზე, დემო დღეს 7 პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა 2021 წლიდან იმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. გასული ოთხი წლის განმავლობაში მასში KIU-ს 200-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიცირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა.
მონაწილეთა უმრავლესობამ კი პრაქტიკაში დანერგა მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ბევრმა მათგანმა საკუთარ სტარტაპ ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი და სხვადასხვა ტიპის დაფინანსებაც მიიღო. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის 2021 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით და მასთან ერთად სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე მუშაობს.