ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს თბილისში ორი ახალი სკოლა გაიხსნა

ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს თბილისში ორი ახალი სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.

მინისტრმა თბილისის 53-ე და 127-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად ორივე სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები. ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე მოეწყო სპორტული დარბაზები და მოედნები.

თბილისის 53-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 14 279 130 ლარზე მეტი გამოიყო, ხოლო 127-ე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 8 900 000  ლარზე მეტია.