მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1762632572
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს 2026 წლის ბიუჯეტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო. მისი თქმით, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი მომდევნო წლისთვის 4%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 3,0%-ია.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს 3,6%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებშია (3%). ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 110,5 მილიარდი ლარის ოდენობით, ხოლო შემდგომში იზრდება და 140 მილიარდ ლარს აჭარბებს. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 26,8 მილიარდი ლარის ოდენობით და ბიუჯეტის დეფიციტი 2,5%-ს შეადგენს. პროექტის თანახმად, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი განისაზღვრება 30 მილიარდ 290 მილიონი ლარის ოდენობით.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ცალკეული სამინისტროებისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 30 მილიარდ 475 მილიონ ლარს შეადგენს.
"ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 9 მილიარდ 620 მილიონ ლარს აჭარბებს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2 მილიარდ 615 მილიონი ლარით, ხოლო კულტურის სამინისტროს დაფინანსება 319 მილიონი ლარით განისაზღვრა. სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე გამოყოფილია 295 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 97 მილიონ ლარამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 855 მილიონ ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 110 მილიონი ლარი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 1 მილიარდ 142 მილიონი ლარი", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტს მხარი დაუჭირა.
სხდომაზე, გიორგი კაკაურიძემ ასევე წარადგინა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა, რომელიც კომიტეტმა ცნობად მიიღო.