ეკონომიკის სამინისტრო: მაღალი ეკონომიკური ზრდა მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს

ეკონომიკის სამინისტრო

მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გრძელდება, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ით განისაზღვრა. ამის შესახებ აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.8%, მეორე კვარტალში 7.3%, მესამე კვარტალში კი 6.5% შეადგინა.

„რაც შეეხება ბოლო სამი თვის მაჩვენებლებს: ივლისში ეკონომიკური ზრდა 6.5%, აგვისტოში – 6.6%, ხოლო სექტემბერში 6.4%-ით განისაზღვრა.

საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა  მდგრადობას ინარჩუნებს. 2025 წლის სექტემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 9.2%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6,341 ერთეული შეადგინა“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2025 წლის სექტემბერში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებმა.

„ამასთან, იანვარ-სექტემბერში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა ტენდენციებმა – ექსპორტი 7.7%-ით გაიზარდა და 5.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის სამ კვარტალში ზრდის დინამიკა დაფიქსირდა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებშიც, კერძოდ, იანვარ-სექტემბერში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 3.6 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა, საქართველოს ჰქონდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ინარჩუნებს. სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-ს შეადგენს. ამასთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედეს, მათ შორის, სავალუტო ფონდის პროგნოზით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში – 2025-2030 წლებში და საშუალოდ 5.4%-ს შეადგენს. საქართველო საშუალო ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებლით მსოფლიოს 25 ქვეყანაში შედის და უსწრებს როგორც ევროპის ყველა ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ისე მეზობელ ქვეყნებსაც“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.