2025 წლის აპრილში საქართველოს ეროვნული მეურნეობა, მიუხედავად გლობალური მასშტაბით არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და დაპირისპირებისა, აგრძელებდა დამაჯერებელ ზრდას - სოსო არჩვაძე

სოსო არჩვაძე

ვალუტის სტაბილური შემოდინება, ინვესტორთა დაინტერესება და მაღალი მაჩვენებლები, რომლებიც საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზებსაც აღემატება, ადასტურებს როგორც რეალური სექტორის, ისე სატრანსპორტო-საკომუნიკაციო პოტენციალის ზრდას და მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკის საშუალოვადიანი პერსპექტივები პოზიტიურია - წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.

როგორც არჩვაძე აღნიშნავს, ეკონომიკის 7.5%-იანი ზრდა - საქართველოს პოზიტიური ტრაექტორია გრძელდება.

„2025 წლის აპრილში საქართველოს ეროვნული მეურნეობა, მიუხედავად გლობალური მასშტაბით არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და დაპირისპირებისა, აგრძელებდა დამაჯერებელ ზრდას, რისი დასტურია ეკონომიკის 7.5-პროცენტიანი ზრდა. აღნიშნული ტემპი 2.3-ჯერ აღემატება მსოფლიო ეკონომიკის 2025 წლის საპროგნოზო ზრდის მაჩვენებელს (+3.2%). ინფლაციამ, რომელიც იანგარიშება 305 დასახელების საქონელ-წარმომადგენლის მიხედვით, 2025 წლის აპრილში, წინა წლის აპრილთან, 3.4 პროცენტი შეადგინა. იმავე პერიოდში ინფლაციამ აშშ-ში შეადგინა - 2.3 პროცენტი, EU27 -ში - 2.2 პროცენტი.

305 დასახელების საქონელ-წარმომადგენლიდან, რომელთა მიხედვითაც ხდება ინფლაციის გაანგარიშება, 2025 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები შემცირდა 98-ზე, უცვლელი დარჩა 17, ხოლო გაიზარდა 190 დასახელების საქონელზე. მარტში ყოველდღიურად ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 192 ერთეული, ხოლო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ - 14.1 მლრდ. ლარი (+9.4%) შეადგინა. აღნიშნული ბრუნვის მატების ტემპი აპრილში ორჯერ და მეტად აღემატებოდა წინა, მარტის თვის ანალოგიურ მაჩვენებელს, ისევე როგორც ეკონომიკის საერთო ზრდის მაჩვენებელს, რაც ადასტურებს ბიზნეს-სექტორის მზარდ როლს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. 2025 წლის აპრილში, წინა წლის აპრილთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მატება (+6.7%) მთლიანად უზრუნველყო ექსპორტის მატებამ (+41.1%; იმპორტი შემცირდა 3.6%-ით). ექსპორტის ზრდის ტემპი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ყველაზე მაღალია ბოლო 32 თვის მანძილზე (2022 წლის აგვისტოს შემდეგ).

აპრილში იმპორტის მატების ყოველი ერთი დოლარით მატებაზე მოდიოდა ექსპორტის 1.42-დოლარიანი მატება. ამასთან, ექსპორტის საშუალო სადღეღამისო მატება 6.0 მლნ. აშშ დოლარით აღემატებოდა წინა წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნულის შედეგად, ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ შეადგინა 44.1 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13 პუნქტით მეტია (2024 წ. აპრილში - 30.1%). კიდევ უფრო მეტადაა გაზრდილი აღნიშნული მაჩვენებელი წლის დასაწყისთან შედარებით (+18.9 პროცენტული პუნქტი), რაც იმავე პერიოდში ლარის გამყარების პირობებში (3.2 პროცენტული პუნქტით) ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის როგორც რეალური სექტორის, ისე სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის მზარდ პოტენციალს. აპრილში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 19.5 პროცენტით; მასზე მოდიოდა მთლიანი ექსპორტის მატების 23.6 პროცენტი. რეექსპორტი გაიზარდა - 55.7 პროცენტით, რაც ასევე ორგანულად ეწერება საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო-საკომუნიკაციო როლის ზრდაში. საქართველოს ექსპორტში პირველ ადგილს ინარჩუნებს მსუბუქი ავტომობილები, რომლებზეც მოვიდა მთელი ექსპორტის 37.4 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის წილი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან (თურქეთი, აშშ, რუსეთის ფედერაცია) ერთ წელიწადში საგრძნობლად შემცირდა - 22.9 პროცენტიდან 14.5 პროცენტამდე, რაც ექსპორტის დინამიური ზრდის პირობებში ცალსახად ადასტურებს საქართველოს საგარეო-სავაჭრო ექსპანსიის გეოგრაფიულ გაფართოებას და დივერსიფიკაციას.

ეკონომიკის ზრდაში აქტიურ როლს ასრულებს ტურისტული სექტორიც - იზრდება ტურისტების რაოდენობა საქართველოში და მათ მიერ გაწეული ხარჯები. იმავდროულად, გაიზარდა ქვეყნიდან გასული საქართველოს მოქალაქე-ტურისტების საზღვარგარეთ ყოფნის ხანგრძლივობა, ხარჯების აბსოლუტური მოცულობა და საშუალო სადღეღამისო ხარჯები.

ამასთან, მათ ხარჯებში სულ უფრო მეტად იზრდება ხარჯები საყიდლებზე, აგრეთვე დასვენება, გართობა, რეკრეაციაზე. მთლიან ხარჯებში ასეთი ხარჯების წილმა ნახევარს გადააჭარბა, მაშინ როდესაც პანდემიის წინა, 2019 წელს მხოლოდ 41.4 პროცენტს შეადგენდნენ. ეს ქვეყნის მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდის საკმაოდ თვალსაჩინო მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, უცხოელი ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა 2.4-ერ აღემატება უცხოეთში მოგზაურ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობას; ხარჯების აბსოლუტური მოცულობით ქვეყანაში შემოსული ვიზიტორები ხარჯავენ 4.9-ჯერ მეტ თანხას, საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში გაწეულ ხარჯებთან შედარებით, მათ შორის ერთ პირზე გაანგარიშებით - 2.0-ჯერ მეტს. 2025 წლის აპრილში უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ტრანზაქციებმა 295.5 მლნ. აშშ დოლარი (+6.1%), ხოლო წმინდა ტრანზაქციებმა 263,6 მლნ. აშშ დოლარი (+6.3%) შეადგინა - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია 2024 წლის ივლისის შემდეგ.

აღნიშნული ზრდა მთლიანად რუსეთის გარდა დანარჩენი მსოფლიოდან ტრანზაქციების საგრძნობი, ორნიშნა ზრდის (+11.5%) დამსახურებაა. რუსეთის ფედერაციიდან ფულადი ტრანზაქციები განაგრძობდნენ შემცირებას (2025 წლის აპრილში - 9.2 მლნ. აშშ დოლარით, ანუ 18.9%-ით), ისევე როგორც წილი ტრანზაქციების საერთო მოცულობაში (13.5%, ნაცვლად 2024 წლის აპრილის 17.6%-სა). საქართველოში განხორციელებული წმინდა ტრანზაქციების 64,6 პროცენტი მოდის მრავალრიცხოვანი ქართული შრომითი მიგრანტებით ყველაზე გამორჩეულ 5 ქვეყანაზე (აშშ, იტალია, გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი). ქვეყანაში ვალუტის შემოდინებისა და ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდა, უცხოელ ინვესტორთა დაინტერესების მატება საქართველოთი, ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპები და გლობალურ ეკონომიკასთან შედარებით საქართველოს ეკონომიკაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გაკეთებული ჯერადად მაღალი საპროგნოზო მონაცემები ქმნიან როგორც ობიექტურ სურათს საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში არსებულ მდგომარეობაზე, ისე მისი განვითარების პოზიტიურ პერსპექტივებზე საშუალოვადიან პერიოდში“, - წერს ექსპერტი.