რეინფიცირება, შემთხვევების სწრაფი მატება - სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ

კორონავირუსი საქართველო

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატებაა. ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 1 103 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 3 პაციენტი.

სპეციალისტები მოსახლეობას ახალი შტამის შესახებ აფრთხილებენ, რომელიც მარტივად და სწრაფად ვრცელდება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ჩხაიძე „პრაიმტაიმთან“ ეპიდვითარების გაუარესების ტენდენციაზე საუბრობს. ამბობს, რომ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, არც საქართველოა გამონაკლისი, სადაც შემთხვევები 5-ჯერ გაიზარდა.

ივანე ჩხაიძე: არა მხოლოდ საქართველოში, პრაქტიკულად, ევროპის ყველა ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესებულია. როდესაც გაუარესებაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს მატება წინა პერიოდებთან შედარებით. ისეთი ქვეყნები, რომლებიც ამ დინამიკას აფიქსირებენ, მკაფიო მატების ციფრებზე მიუთითებენ. მაგალითად, საფრანგეთში მაისის ბოლოს თუ 20 000-ზე მეტი შემთხვევა იყო, ახლა 150 000, გერმანიაში თუ იყო 26 000, ახლა 133 000 და ა.შ. 5-6-ჯერადი მატებაა მაისის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროპის უმრავლეს ქვეყნებში.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში 1 კვირის განმავლობაში 2570 შემთხვევაა დაფიქსირებული. მაშინ როდესაც, 2 კვირით ადრე ამ შემთხვევების რაოდენობა 500-ის ფარგლებში იყო. თუ ამ კონტექსტში შევხედავთ, 5-ჯერ გაზრდილია შემთხვევები. საბედნიეროდ, გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ ერთეული რჩება და თუ წინა კვირებში 1-2 შემთხვევა იყო, ახლა ზრდა არ გვაქვს

- რა უწყობს ხელს შემთხვევების მკვეთრ ზრდას?

 - მნიშვნელოვანია ის მუტაცია, რომელიც ახლა ცირკულირებს. ეს „ომიკრონის“ მე-4, მე-5 ვარიანტია. BA4 და BA5, რომლებიც „ომიკრონის“ წინა ვარიანტებისგან უფრო იოლი და სწრაფი გავრცელებით გამოირჩევიან.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამ ვარიანტს აქვს რეინფიცირების ძალიან დიდი უნარი, ყველაზე მეტი, რაც დღემდე არსებულ შტამებს შორის იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ადრე გადატანილი კორონავირუსი ვეღარ გიცავთ რეინფიცირებისგან​.

ასევე, ჩვენთან ვაქცინის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ვაქცინირებულთა მატება, პრაქტიკულად, არ ხდება. ეს სულ 45%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში არავაქცინირებულ ადამიანებშიც ამ მუტაციის გავრცელების ბევრი შემთხვევაა.

კიდევ ერთი ფაქტორია - ზაფხულში მობილობა გაზრდილია, მეტია ერთმანეთთან კომუნიკაცია, შვებულებების, არდადეგების პერიოდია, დახურულ სივრცეში მეტ დროს ატარებენ - ყველაფერი ეს განაპირობებს ინფიცირების ზრდას, მით უმეტეს, ქვეყანაში არ გვაქვს ვალდებულება, რომ ნიღაბი ვატაროთ.