პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი

იოჰან ვადეპულ

პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა.

„დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში ვადეპულმა უკრაინას შემდგომი მხარდაჭერა დაუდასტურა და დაჰპირდა, რომ ბერლინი შეეცდება, ეს პოზიცია მიაწოდოს როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ასევე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.

ვადეპულის თქმით, თანამდებობის დაკავების შემდეგ, გააგრძელებს პოლიტიკას, რომელიც მიმართულია უკრაინის მხარდაჭერაზე და მსოფლიოში გერმანიის პოზიციების გაძლიერებაზე.

„ვფიქრობ, ყველასთვის, განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინისთვის, გასაგები უნდა იყოს: ჩვენ უკრაინის მხარეს ვიდგებით. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას და შევთავაზებთ მას შესაძლებლობას, იყოს რუსეთთან თანასწორ პირობებში“, – აღნიშნა ვადეპულმა.

მისივე თქმით, გერმანიის მთავრობა აპირებს დიალოგის დამყარებას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან, რათა მიაწოდოს თავისი პოზიცია კიევის მხარდაჭერის შესახებ.

„ბერლინს სურს ტრამპის ადმინისტრაციას გააგებინოს, რომ მათ ინტერესებშია, ჰყავდეთ ძალიან ძლიერი უკრაინა. გერმანია ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა მკაფიო სურვილი, გაეძლიერებინა ევროპა, გაეხადა ევროკავშირი უნარიანი, გადაეჭრა ის პრობლემები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ მთელ მსოფლიოში. ეს იქნება ჩვენი პირველი ამოცანა“, – განაცხადა ვადეპულმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მისი მეორე ამოცანა იქნება აშშ-სთან ტრანსატლანტიკური ურთიერთობების დამყარება, „რომელიც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ყველა ევროპელებში“.

ამასთან, ვადეპულმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, ევროპის ქვეყნებმა გაზარდონ თავდაცვის ბიუჯეტი.