„ეს ტრაგედია, ჩემი ცხოვრების ნაწილია“ - ქეთი გაბისიანი პირად ცხოვრებაზე

17:32 01-03-2020
3778

უამრავი ცნობილი მუსიკის ავტორს, ყველასათვის საყვარელ კომპოზიტორ ქეთი გაბისიანს „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა და მის შემოქმედებით წარმატებასა და პირადი ცხოვრების დეტალებზე, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა: 

„საკმაოდ მდიდარი წარსული მაქვს, 4 წლიდან სცენაზე ვდგავარ. ანსამბლ „მზიურში“ მოხვედრა, საკმაოდ რთული  და ყველასათვის საოცნებო იყო და მე ეს შევძელი. „მზიურის“ მეორე თობა ვარ.  

width=600

ისე დასრულდა ეს წელი, ჩემი ყველა ახლობელი ჯანმრთელად არის - ეს ჩემი ყველაზე მთავარი წარმატებაა. კარგად ყოფნაში ვგულისხმობ ყოფით ცხოვრებას. ქართველებს ჩვენი განცდები, ემოციები მუდამ თან გვდევს. ჩვენს ქვეყანაში, უამრავ ადამიანს შეჭირვებული ცხოვრება აქვს. შეიძლება შენ არ გიჭირდეს, მაგრამ შენს გვერდით მდგომ ადამიანს ჰქონდეს პრობლემები. ამის განცდა მუდმივად მაქვს. 

width=600

- რომელია თქვენთვის ამ წლის საუკეთესო პროექტი ...

წლევანდელი წელი ნაკლებად კომპოზიტორული იყო. 2019 წელი უფრო მეტად მუსიკალური პროდიუსინგის კუთხით იყო დატვირთული. ყველაზე მასშტაბური, რაც ამ წელს მახსენდება, ანსამბლ „ფორტეს“ ვარსკვლავის გახსნა იყო, სადაც მე ვიყავი პროდიუსერი, ვერსიების ავტორი. საკმაოდ მასშტაბური კონცერტი იყო. მზადება, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე იყო, ჩემი მეგობარი. დირიჟორი - ნიკა ნიკვაშვილი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი რამდენიმე წელია, რაც ასეთ პროექტებზე მუშაობს და უკვე აშკარად გამოიკვეთა წინსვლა. 

width=600

რამდენიმე დღეა, რაც ერთ-ერთ მუსიკაზე მუშაობა დავასრულე. ჩემი ახალი სიმღერა, „მხოლოდ ქართულის“ მეორე სეზონის გამარჯვებულმა, გიორგი კელაპტრიშილმა ჩაწერა. ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდაა. ჩემი ახალი სიმღერა ბენდთან და მუსიკოსებთან ერთად შეასრულა, სოლო პარტია კი ბექა გოჩიაშვილმა დაუკრა. ძალიან ამაყები ვართ ამ პროდუქტით და მომავალ წელს, აუცილებლად გავაჟღერებთ ამ მუსიკას. 

- რას გვეტყვით ქართულ შოუ-ბიზნესზე?

ქართულ შოუ-ბიზნესში აქტიურად ვარ ჩართული და, რასაკვირველია, ჩემი მოსაზრებაც გამაჩნია. თუ შევხედავთ მუსიკალურად, შემოქმედებითი კუთხით, ზოგს მოსწონს და ზოგს - არა, ყველა ადამიანს სხვადასხვა ჟანრი მოსწონს. ასეც უნდა იყოს, ვეთანხმები. თუმცა, მე, როგორც მუსიკოსი, ვფიქრობ, რომ მეტი მუშაობაა საჭირო, პირველ რიგში, ჩემს თავზეც იგივეს ვიტყოდი. სულ ვფიქრობ, რომ ქართველებს რაც ყველაზე მეტად აკლიათ, მეტი შრომისუნარიანობაა. ჩემი აზრით, ეს არის ჩვენი შოუ-ბიზნესის ყველაზე მეტი შემაფერხებელი. საქმის მიმართ, მეტი ძალისხმევა, მეტი თავდადებაა საჭირო. 

- რა არის კულტურის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი?

მე ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსის მუშაობას ვხედავ. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამბიცია არა აქვთ, თუ სად იმღერებენ. ყველანაირ ლოკაციაზე შეუძლიათ წავიდნენ, ოღონდ, საკუთარი თავი გამოსცადონ. რაც შეეხება, ზოგადად ამ სფეროს, საკმაოდ მნიშვნელოვან ფრაზას ვიტყვი: მაინც მგონია, რომ ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - კულტურის პოლიტიკაა. რადგან ეს ჩვენთვის, თან ასეთი პატარა ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა. 

width=600

- საქართველოში უამრავი ნიჭიერი ადამიანი გვყავს, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი უცხოეთში წასვლას ამჯობინებს. რა არის ამის მიზეზი...

გეთანხმებით, ნამდვილად ბევრი უნიჭიერესი ახალგაზრდა გვყავს, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრმა დატოვა ქვეყანა და უცხოეთში განაგრძო მოღვაწეობა. ეს ნამდვილად სამწუხარო ფაქტია. მუსიკოსი, მარტო ვერ გაიტანს თავს, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი მთავრობისთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის - კულტურა პრიორიტეტულია.

width=600

კულტურის სფეროს წარმომადგენელი ძალიან ფაქიზია. მას არ შეუძლია ამ ეტაპების გავლა, მისთვის, ეს ცოტა დამთრგუნველია. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან, ნამდვილად არის დაფინანსების პრობლემები. ისიც ფაქტია, რომ შემოქმედ ადამიანს, უჭირს კარებთან „ატუზვა“ და ფინანსების თხოვნა. 

- გინდათ თქვათ, რომ ხელისუფლებისგან ყურადღება გაკლიათ?

რა თქმა უნდა, ბევრი ფესტივალის დაგეგმვაა საჭირო. პირადად მე, კონკურსებზე მეტად ფესტივალებს ჩავატარებდი. მაგრამ ბოლოს, საქმე მაინც ფინანსებთან მიდის. მიზეზი, ყოველთვის თანხებია. ამ ეტაპზე, ჩემი ქვეყანა, არ არის წელში გამართული. როდესაც ქვეყანა, მყარად ვერ დგას ფეხზე, მუსიკოსებს საკუთარი სახსრებით უწევთ თავის გატანა. ბევრი შემოქმედი ადამიანი, ვერც კი ფიქრობს სერიოზულ კონცერტებზე, რადგან ძალიან დიდია არენდის ფასი, გარდა ამისა გახმოვანება, განათება, დეკორაცია, ეს ყველაფერი, საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 

- ანუ, ისევ ფინანსებთან მივდივართ...

ძალიან რთულია, როცა ადამიანს ეკონომიკურად უჭირს, თუნდაც შემოქმედს და ამ დროს, სცენაზე სიმღერა და ცეკვა უწევს... რასაკვირველია, ეს მათთვის პრობლემაა. თუმცა, როცა პროფესიონალი ხარ, ამას მაინც აკეთებ. უბრალოდ, ამის უფლება არ გაქვს. ეს ყველაფერი, უნდა დატოვო, კარი გამოიკეტო და ემსახურო შენ პროფესიას და საქმეს. 

width=600

- რას იტყვით ახალგაზრდების შემოქმედებაზე?

ჩემი შვილების თაობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ძალიან ნიჭიერი თაობაა. ჩემი ვაჟი ჩემთან ცხოვრობს, ქალიშვილი - გერმანიაში და კარგად ვიცი, იქაური გადმოსახედიდან რა ხდება. არაჩვეულებრივი გოგო-ბიჭები არიან წასული უცხოეთში და იქ აგრძელებენ სწავლას და მოღვაწეობას, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, თუ არ ჩავთვლით, რომ მალე, ახალი ძალით და ახალი ენერგიით დაუბრუნდებიან ჩვენს ქვეყანას - მე ამის დიდი იმედი მაქვს.  

ორი შვილი მყავს - 28 წლის ვაჟი გელა კუჭაიძე და 25 წლის ქალიშვილი - ნატა კუჭაიძე. ნატამ, ბერლინში დაამთავრა მედიაკომუნიკაციის ფაკულტეტი, გელა კი, ერთ-ერთ ტელევიზიაში, ხმის რეჟისორად მუშაობს.

- არცერთი თქვენი შვილი არ გაყვა მუსიკას?

არა, მაგრამ ორივერს კარგი სმენა აქვთ და კარგადაც მღერიან.  

- თქვენი მეუღლე ავტოკატასტროფაში დაიღუპა - საკმაოდ მტკივნეული წლები გაიარეთ...

ეს ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო, 27 წლის ვიყავი. უამრავ ტკივილს შეიძლება გაუძლოს ადამიანმა, მაგრამ უნდა ეცადოს, სულიერად არ გატყდეს, რაც არ მინდა დავინახო ჩვენს ერში. სამწუხაროდ, ეს ტრაგედია, ჩემი ცხოვრების ნაწილია. 

width=600

- თქვენ შეძელით და ცხოვრება გააგრძელეთ თქვენი შვილებისთვის...

მინდა, მაგალითი მივცე ბევრ ადამიანს და ვუთხრა, რომ არ დაეცეს და  სიცოცხლისათვის მუდამ იბრძოლოს. ჩემს თავს ვერც მივცემდი დაცემის უფლებას, რადგან პატარა შვილები - 5 წლის გოგონა და 9 წლის ვაჟი დამრჩა. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია, ძალიან ახალგაზრდა ასაკში გადავიტანე. 

- როცა მუსიკას წერთ, როგორ უწყობთ ლექსს, როგორ ქმნით მელოდიას?

მუსიკას, ექვსი წლიდან ვწერ. წლების განმავლობაში ლექსებზე ვწერდი. სიტყვას, ჩემთვის დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს. კომპოზიტორი ვარ და დღემდე ვფიქრობ, რომელს მეტი ძალა აქვს. თუ სიტყვას ძალა არა აქვს, მუსიკის და ლექსის ღირებულება იკარგება. 

- ანუ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, როცა მუსიკას ლექსზე წერთ?  

ბოლო წლებია, მე ჯერ მელოდიას ვწერ და მერე უკვე პოეტებთან - ირინა სანიკიძე, ნანა ცინცაძე, მაკა ბლიაძესთან ერთად ვიწყებ მუშაობას, რომლებიც მუშაობენ მელოდიაზე და ფანტასტიკურ ლექსებს წერენ.

- რას უსურვებდით საქართველოს ახალ წელს?

არ ვიქნები განსხვავებული, ახალი წელია და ყველა ერთმანეთს წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებთ, მით უმეტეს ჩემს სამშობლოს. უამრავი პრობლემები გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ და ამის გამო, საკმაოდ ემოციური ერი ჩამოვყალიბდით. მინდა, რომ იყოს სიკეთე და ბედნიერება.

width=600 მთელი გულით ვუსურვებდი სულიერ სიმშვიდეს, როგორც საკუთარ თავს, ასევე თითოეულ ადამიანს. ადამიანი, მუდამ ძიებაში უნდა იყოს, დაბრკოლებების და ბარიერების გადალახვა უნდა შეეძლოს, მაგრამ ამავე დროს, სულიერება უნდა მოიპოვოს, სტრესი უნდა მოიხსნას.  

ავტორი: რუსა ღვანიძე