ესენი ახლა, ერთი კაცის სიძულვილმა გააერთიანა, თორემ მერე დაკორტნიან ერთმანეთს - ია მეტრეველი

17:05 11-17-2019
1032

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ია მეტრეველი ეხმიანება.

„დღევანდელმა დღემ დიდი კონსტანტინეს, „დიდოსტატის მარჯვენა“ გამახსენა. ესენი, ახლა ერთი კაცის სიძულვილმა გააერთიანა, თორემ მერე, ერთმანეთს ისე დაერევიან და დაკორტნიან, რომ ვაი, მართლა მაშინ, შე საცოდავო საქართველო“, - წერს ია მეტრეველი.

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია 15:00 საათზე დაიწყო. ფართომასშტაბიან აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ.

აქციაზე სიტყვით გამოდიან ოპოზიციის ლიდერები. აქტივისტებს რეგიონებიდანაც უერთდებიან.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

აქცია პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის საჭირო ცვლილების ჩაგდებას მოჰყვა. 

შეკრებას წინ უძღოდა შეხვედრები „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში, სადაც პოლიტიკოსები შეთანხმდნენ ფორმულაზე- „ყველა მინუს ივანიშვილი“.

პარალელურად, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმა მანიფესტაცია „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელსაც ორგანიზაცია „ქართული მარშიც“ შეუერთდება.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა.