„რატომ ზიხარ 100 ათასიან ჯიპში და რატომ იწყევლები?“ - "სულიკო დარდიანიძე" მეუფეებს მიმართავს

15:35 10-31-2019
28639

„ჯიპი ჯოჯოხეთს ანათებს“ - ეს ფრაზა სოციალურ ქსელში მსახიობმა კახა გოგიძემ („ჩცდ“- სულიკო დარდიანიძე) საპატრიარქოში სინოდის შეკრებაზე მისული მეუფეების მანქანების ხილვის შემდეგ დაწერა. მეუფეთა უზარმაზარ ჯიპებზე ლეგენდები დიდი ხანია დადის. ამ თვალშისაცემ ფაქტს მსახიობი „პრაიმტაიმთან“ შემდეგნაირად ეხმაურება.

კახა გოგიძე: - ასე არ შეიძლება! არ შეიძლება, რომ ძვირადღირებული ჯიპები ჰყავდეთ! ჰყავდეთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში საშუალო ფენა არსებობს და ვიღაცას კიდე შეეძლოს მსგავსი ავტომობილი იყიდოს. პრივილეგირებული კასტა არ უნდა არსებობდეს. მახსოვს, ზვიად გამსახურდიას რა ამბავი დააწიეს, მერსედესით დადისო, როგორ შეიძლებაო. ახლა მე მყავს მსგავსი მერსედესი. არ შეიძლება არც მთავრობის წევრები და მით უმეტეს არც ეკლესიის მსახურნი ასეთი მანქანებით დადიოდნენ. რამდენი ადამიანი ცხოვრობს ქუჩაში, ჩვენს მცირერიცხოვან ერში. ლამის ერთმანეთის სახლში ვცხოვრობთ. შენ რომ 100 ათასიან ჯიპში ზიხარ და მე მეუბნები - გაიღეო, ე ბიჭო, შენ გაიღე! გაყიდე ეს ძვირადღირებული მანქანა, იყიდე უფრო ნაკლებფასიანი და შენ დაეხმარე. მორალისტი ნუღარ ხარ მაშინ. კიდევ იმ მამაოს პასუხი უნდა მოეთხოვოს წყევლა-კრულვისთვის. სიტყვის ძალა აქვს მიცემული და რა უფლებით არიგებს წყევლა-კრულვას? ვინ არის? რახან ჯვარი კიდია, უფლება აქვს ადამიანის დაწყევლის?

ნუ გონიათ, რომ მრევლი აზროვნებით არ გაიზარდა, ძალიან განათლდნენ და კონკრეტული პასუხები სჭირდებათ. რატომ ზიხარ 100 ათასიან ჯიპში და რატომ იწყევლები? ყინვაში ფეხით სიარული მოითმინეო, რომ მეუბნება სასულიერო პირი, თვითონ ითმენს? ბევრი პატიოსანი მღვდელია ჩვენს ეკლესიებში, ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავ, მაგრამ როცა კომფორტიდან გადმოხვალ და მე მოთმინებისკენ მომიწოდებ, ჯერ შენ დატოვე კომფორტის ზონა და მერე მექადაგე. თორემ მე მაგათი ჯიპები რწმენას ვერ შემირყევს.

წუწუნებენ - რატომ გარბის ხალხი ეკლესიიდანო, გარბის იმიტომ, რომ იტყუებიან. კომფორტის მოყვარული სხვას დისკომფორტისკენ მოუწოდებენ და მადლიაო, ამბობენ. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე