კახა მიქაია ბიძინა ივანიშვილს ზუგდიდში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით მიმართავს

17:52 10-30-2019
40

„დაიცავი საქართველოს“ ყოფილი ლიდერი კახა მიქაია საინიციატივო ჯგუფთან ერთად „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, ზუგდიდში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით მიმართავს.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილს! თანამედროვე მსოფლიოს ცივილიზებულ საერთო სახლში დასამკვიდრებლად, რისკენაც ასე ისწრაფვის ჩვენი ქვეყანა,ერთადერთ სავიზიტო ბარათს  სწორედ ქართული კულტურა წარმოადგენს. ამ კულტურის შემქმნელი,შემნახავი და დღევანდლამდე მომტანი ქართველი ერი არის თამამად წარსადგენი.

ქართულ-ევროპული არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების ისტორიული ნაწილი ზუგდიდში ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი ეროვნული საგანძურია. უწინარეს ყოვლისა, აღსადგენია ზუგდიდის ამ ისტორიული ნაწილის, კერძოდ, დადიანთა სამთავრო (სამეფო) რეზიდენციის არქიტექტურული ანსამბლის სხვადასხვა დროს გაჩანაგებული, დანაწევრებული და პირწმინდად წაშლილი თავდაპირველი სახე, რომელსაც თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად უნდა დაუბრუნდეს ძველი იერი.

ზუგდიდის დადიანთა სასახლე-პარკის კომპლექსური ძეგლი და მისი ქონება ერის საკუთრება და სახელმწიფოს სიამაყეა. უდიდესი ეროვნული ღირებულების მქონე ხუროთმოძღვრული ეს უნიკალური კომპლექსი უნდა იყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არა განკარგვის, არამედ დაცვისა და მოვლა-პატრონობის ობიექტი. ის უფრო მაღალი სახელმწიფო პასუხისმგებლობით საზრუნავი ფასეულობაა. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი წარმოგიდგენთ ზუგდიდის ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციო ჩვენეული იდეის მომზადებულ ვიდეო – სიუჟეტურ კომპოზიციას, რომელსაც არა აქვს რაიმეს მტკიცების ან დაჟინებით მოთხოვნის პრეტენზია.

იგი წარმოადგენს არაერთი ცნობილი მკვლევარ-მეცნიერის, მამულიშვილის, საზოგადო თუ სახელმწიფო მოღვაწის ნაფიქრ, ნაკვლევ, ნაშრომ და ნაოცნებარ შეხედულებებს. ამასთან,ის წარმოადგენს ჩვენ მიერ მომზადებულ მასალის იდეის პრაქტიკულ განხორციელებას, რომლის უმთავრესი მიზანი ამ ტერიტორიული სივრცის მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადებაა.

ვფიქრობთ, დამდგარია ამ საშვილიშვილო საქმის ხორცშესხმის დაწყების დროცა და შესაძლებლობაც დღევანდელ საქართველოში, სადაც თქვენი საქველმოქმედო მხარდაჭერით ბევრი სასიკეთო და ღირებული საქმე კეთდება. მით უფრო, რომ ფონდი ,,ქართუს” დაფინანსებით უკვე მიმდინარეობს დადიანთა ერთ-ერთი სასახლის რესტავრაცია.

გთხოვთ, თქვენს მხარდაჭერას პრობლემის გადასაჭრელი გზების მოსაძიებლად. ჩვენი მხრიდან კი, მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული მასალებითა და დოკუმენტებით აქტიური თანამშრომლობისათვის, რათა ეს პროექტი მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელდეს. საინიციატივო ჯგუფის სახელით: 1.კახა მიქაია  2.კოკი დადიანი 3.დავით დადიანი 4.მერაბ რაფავა 5.მანანა სოტკილავა 6.ქეთევან აბაშიძე 7.მაია მანია 2019 წელი,30 ოქტომბერი. ზუგდიდი – თბილისი“,- აღნიშნულია მიმართვაში.

 

ავტორი: თეა შონია