ოქრუაშვილის ადვოკატი აცილებაზე - ეს მისი დაცვის სტრატეგიაა, ჩვენს შორის ცუდი არაფერი მომხადარა

13:25 10-29-2019

ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის უფლებებს იცავდა, აცხადებს, რომ მასთან კომუნიკაცია გუშინ ჰქონდა. თუმცა, ზუსტი პასუხი აცილებასთან დაკავშირებით დღეს, სასამართლოს დარბაზში გაიგო.

მისივე თქმით, მასთან ურთიერთობა კვლავ ექნება. თუმცა , ბუნებრივია ამ საქმეში ვეღარ დაიცავს.

„ამ მიზეზებზე მე არ ვილაპარაკებ. შეგვიძლია მოკლე კომენტარით შემოვიფარგლოთ, რომ ეს მისი დაცვის სტრატეგიაა. ჩვენს შორის ნამდვილად ცუდი არაფერი მომხადარა. მისი უფლებაა, რომ ადვოკატი აირჩიოს, ან საერთოდ არ ჰყავდეს. ასე, რომ ამ მხრივ, პრობლემას ვერ ვხედავ. ბუნებრივია მასთან ურთიერთობა მექნება. გუშინ ვესაუბრეთ,მოვიფიქრებ და ხვალ გეტყვიო. წერილით შევატყობინებ სასამართლოსო. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დღეს მოვისმინე სასამართლოზე. ბუნებრივია ამ საქმეზე მე მისი ადვოკატი ვერ ვიქნები. ვერ გეტვით ესენი ბრალდების მოწმეები არიან, მათი გადასაწყვეტია ვის მოიყვანენ და ვის არა. ვადა საკმაო. წინ მთელი ექვსი თვეა. ასე, რომ ამას უკავშირდებოდეს მისი სტრატეგია არ მგონია, თუმცა იმ პირობებში, რა პირობებშიც ირაკლი ოქრუაშვილი იმყოფება, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ შეზღუდული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია და პაემანი. სასამართლოს მხრიდან დროის არ მიცემა და ხუთი ნოემბრისთვის უკვე სახაზინო ადვოკატის ჩართვა, შემდეგი პროცესისთვის ეს არასწორია. ამით მისი უფლებები იზღუდება. ეს არ არის, ის დრო ამ პირობებში ადვოკატი მონახოს. შედგეს მასთან კომუნიკაცია და შეთანხმდნენ გარკვეულ პირობებზე. მე ვფიქრობ, რომ სასამართლო არასწორად მოიქცა. არ ვიცი, რატომ მაგრამ ჩქარობს, პროცესების ჩანიშვნას. ერთ კვირაში, როდესაც ადამიანი იზოლაციაშია და კომუნიაკაცია არ აქვს გარე სამყაროსთან ეს დრო ძალიან ცოტაა, რომ ნახოს ადვოკატი,- აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, როგორც ოქრუაშვილმა განცხადებაში აღნიშნა, შესაძლებელია მასთან სასულიერო პირი შევიდეს, რადგან ბრალდებულს კომუნიკაცია შეზღუდული აქვს.

„ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი აღნიშნა სასულიერო პირი. მე და ბატონ ბონდოს ბუნებრივია, კომუნიკაცია აღარ გვაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. არც ოჯახის წევრებს და ერთადერთი შესაძლო პირი თუ მასთან შევიდა სასულიერო პირია. რომ მას დააბაროს პოზიცია ახალ ადვოკატთან დაკავშირებით. ეს იგულისხმა მხოლოდ მან“- აცხადებს ჭაბაშვილი.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბრალდებულმა ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები აიცილა. განცხადებით, რომელიც მან ციხიდან გამოაგზავნა, მამუკა ჭაბაშვილისა და ბონდო ვათიაშვილის აცილება მოითხოვა. სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში ოქრუაშვილმა გონივრული ვადა მოითხოვა იმისათვის, რომ ახალი ადვოკატი დაენიშნოს. სასამართლო პროცესს თავად ირაკლი ოქრუაშვილი პროტესტის ნიშნად კვლავ არ დასწრებია.

ცნობისთვის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე.