ერდოღანმა ტრამპის წერილი ნაგავში მოისროლა

18:02 10-17-2019
123

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპის ოფიციალური წერილი „ნაგვის ურნაში მოისროლა“. ამის შესახებ BBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წერილი 9 ოქტომბრით თარიღდება. აშშ-ს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას იგი მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ტრამპმა სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

წერილში დონალდ ტრამპი ერდოღანს ეუბნება: „ნუ იქნები მაგარი ბიჭი. სულელი ნუ იქნები!“

პრეზიდენტი ტრამპი მოუწოდებდა ერდოღანს, არ დაეწყო სამხედრო ოპერაცია ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, თუმცა ერდოღანმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიღწევის მიზნით, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ამჟამად ანკარაში იმყოფება.

სირიაში თურქეთმა სამხედრო ოპერაცია 1 კვირის წინ დაიწყო. იგი ქურთ მებრძოლებს, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში აშშ-ს მეკავშირეები იყვნენ, ტერორისტებად განიხილავს და სასაზღვრო ზოლიდან მათ განდევნას ისახავს მიზნად.

თურქეთის მიერ წამოწყებულ საომარ მოქმედებებს უკვე ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაიღუპნენ როგორც თურქი სამხედროები, ასევე ქურთი მებრძოლებიც.

ავტორი: მარიამ გიგანი