Exclusive - ვინ არის16 წლის პოლიგლოტი, რომელმაც თურქული სერიალით ქართველი ვარსკვლავები „გააცურა“

19:06 08-16-2019
32175

16 წლის დავით ჯიჯეიშვილი პოლიგლოტია. როგორც ოზურგეთში მცხოვრები დავითი ამბობს, გრამატიკულ დონეზე ფლობს თურქულ, არაბულ და სპარსულ ენებს. საუბრობს ესნაპურ, იტალიურ და სომხურ ენებზე. ცხრა წლის ასაკიდან დაინტერესდა თურქული ენით, ინტერნეტის მეშვეობით დაიწყო შესწავლა. არაბული მეგობრის რჩევით ისწავლა. არაბულს სპარსული მოჰყვა...

 „ახლა დაინტერესებული ვარ ტაჯიკური და უზბეკური ენების შესწავლით. ჩინურიც მაინტერესებს. ევროპული ენები ჩემთვის უინტერესოა. მე ის ენები მაინტერესებს, რომელზეც ცოტა ადამიანი საუბრობს. მე, როგორც მომავალი აღმოსავლეთ ისტორიის მცოდნეს, ესპანური და იტალიური ენები მჭირდება და ამიტომ შევისწავლე. აღმოსავლეთ მცოდნეობაზე ორ წელიწადში ჩავაბარებ“ – „პრაიმტაიმს“ თავის გეგმებზე უყვება 16 წლის პოლიგლოტი.  

width=600

ახლა ძმასთან, რძალთან და ძმისშვილთან ერთად ცხოვრობს. მამა ორი წლის წინ დაეღუპა. დედა სამი წელია ისრაელშია. 

დავით ჯიჯეიშვილი: „13 წელი თბილისში დედასთან ერთად ვცხოვრობდი, მერე დედა რომ ისრაელში წავიდა, დეიდასთან გადავედი. ახლა ოზურგეთში ვცხოვრობ. მე ჩემი ხელოვანი ბაბუით ვამაყობ. ჩემი ბაბუა, ენვერ ხაბაძე აჭარის სახელმწიფო ანსამბლის დამაარსებელი გახლდათ. რეზო ჭანიშვილი, დეიდას მეუღლეა. ბებიაც მოცეკვავეა. 

width=600

გურული ბიჭის აფიორა თუ ჩაშლილი პროექტი

პოლიგლოტობის გარდა, მთავარი თემა, რისთვისაც დავითმა „პრაიმტაიმის“ ყურადღება მიიქცია, ის გახმაურებული თურქული სერიალია, რომელშიც სავარაუდოდ, ლელა წურწუმიას, ნინო ლეჟავას, თათა ჯაშსა და ნანიკო სტამბოლიშვილს უნდა ეთამაშათ. მარტის ბოლოს, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თურქული ტელეარხი ახალ სერიალს, სახელწოდებით “დაუმორჩილებელი სულთნები” იწყებდა. სერიალი ოსმალეთის იმპერიის ისტორიულ მოვლენებს ეხებოდა, სადაც მნიშვნელოვან როლს ქართველი ქალი სულთნებიც ასრულებდნენ. 

განაწილებული იყო როლები. „დიდებული საუკუნე - დაუმორჩილებელ სულთნებში“ ლელა წურწუმიას რაჰიმენ პრესტუ დადიანის როლი უნდა განესახიერებინა, ნანუკა სტამბოლიშვილის პერსონაჟი ფატმა შაჰ-ლიპარტელიანია, იმ პერიოდის სვანეთის საგვარეულოს წარმომადგენელი. თათა ჯაშს ლოაზეს გველესიანის როლი უნდა შეესრულებინა, ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის. ნინო ლეჟავა სერიალში სპარსელი ქალის, კერძოდ, ირანის პრინცესას როლზე შეირჩა. 

მოკლედ, ვინ აწარმოა ქართველ სელებრითებთან მოლაპარაკება, ვინ შეარჩია ისინი ამ როლებზე უქასთინგოდ და უმთავრესი - რატომ თვლის ყველა მათგანი, რომ მოატყუეს? - ამ ყველაფერთან კავშირში სწორედ ეს პოლიგლოტი ბიჭია. ის აწარმოებდა ყველა მათგანთან მოლაპარაკებას, როგორც ამბობს, ზოგთან მეგობრის დახმარებით, თავად ამბობს, რომ არის სერიალის ერთ-ერთი სცენარისტი და თურქული ფროდაქშენების კოორდინატორი. 

როგორც დათო განმარტავს, კომპანიების - Ay Yapım-ის და TIMS Productions-ის არხებზე (ექვსი არხია) გასული სერიალების რეიტინგებს ამოწმებს. „თუ მე სერიალის რეიტინგი მომეწონება, მას ახალ სეზონს ვუმტკიცებ. თურქეთში მაღალ რეიტინგად 4 - 6 მილიონი მაყურებელი ითვლება. თუ სერიალს ამდენი მაყურებელი ჰყავს, მაშინ მას ჩემი გადაწყვეტილებით ახალი სეზონი ექნება. 

width=600

- როგორ აღმოგაჩინეს თურქულმა ფროდაქშენებმა და რატომ დაგავალეს ეს საქმე კონკრეტულად შენ?

- ეს ტელეკომპანია „შოუტივიზე“ გასულმა სერიალმა „დიდებულმა საუკუნემ“ განაპირობა. ქართველმა მაყურებელმა ის ტელეკომპანია „მაესტროზე“ იხილა. მე ვიყავი მისი მაყურებელი, ფეისბუქზე შევქმენი ფანების გვერდი. სწორედ ამ გვერდზე დამეკონტაქტა სერიალის პროდიუსერი თიმურ სავჟი. თავიდან ფეიკექაუნთი მეგონა, მერე სკაიპში დამატება შემომთავაზა. პატარა ვიყავი, ჯერ დედათან ერთად დაველაპარაკე, მერე - დეიდასთან. პროდიუსერმა დასახელებულ კომპანიებთან კოორდინატორობა შემომთავაზა. პასუხი ერთ კვირაში ვუთხარი, დავთანხმდი. თავიდან მათი სოციალური მედიის ადმინისტრირება შემომთავაზეს, ოფიციალური გვერდების მართვა. 

- როგორ ფიქრობ, შენ რატომ შემოგთავაზეს ამის კეთება? ამხელა კომპანიებმა თურქეთში ვერ იპოვეს  მსგავსი კადრი? თან თუ შენს ასაკსაც გავითვალისწინებთ...?

- ვერავის იპოვიდნენ, ვინც ჩემს მსგავსად დაუჯდომლად იმუშავებს. მთელ გულს და სულ ვდებ ამ საქმეში და არ მაინტერესებს, რა ჰონორარს გადამიხდიან. ეს მეათასე ხარისხოვანია. ერთგულება რომ დავუმტკიცე, მენდნენ. ეს ბედის ბორბალია. მადლობა უფალს. ვზივარ კომპიუტერთან, ტელეფონთან, ტელევიზორთან. ეს სწავლაში ხელს არ მიშლის, თუმცა დიდ დროს მართმევს.

- და ამბობ, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული კონკრეტული სერიალი გაგრძელდეს თუ არა?

- ჩემზე და ერთ ქალბატონზე, ნერმინ ეროღლუზე.

- დათო, მოდი, შევეხოთ იმ გახმაურებულ პროექტს, რომელშიც ცნობილი ქართველი ქალბატონები უნდა დაგეკავებინათ.

- მოგახსენებთ, რა გახდა ამ პროექტის გაჩერების მიზეზი. ამ პროექტში ჩართული იყო სამი ქვეყანა - საქართველო, რუსეთი და თურქეთი. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რუსეთის პირველმა არხმა თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მიზეზს მე ვერ გეტყვით. 

- ამ პროექტში რუსეთის ჩართულობაზე არსად თქმულა. ახლა პირველად მესმის.

- ეწერა ერთ სააგენტოს. 

- მაია გოგენი, ქასტინგ მენეჯერი ვინ არის?

- თურქი ქალბატონია, რომელსაც სერიალის ქასთინგი აბარია. 

- ამ სერილიას თანაავტორი უნდა იყო, მეორე ვინ არის?

- ილმაზ შაჰინი. 

- თურქული ფროდაქშენი რატომ დაინტერესდა დადიანების, ლიპარტელიანებისა და გველესიანების დინასტიაზე სერიალის გადაღებით? მით უმეტეს - რუსეთი?

- სერიალი მხოლოდ ქართველ დიდებულებზე არ იქნებოდა, ჩემო კარგო. იქ იყო ანა ჩელენკოვას, ანასტასია რომანოვას ხაზები. მთავარი გმირები თურქები უნდა ყოფილიყვნენ. ეს გმირები რეალური გმირები არიან. რაჰიმენდ პერესტუ დადიანზე (ლელა ვის როლზეც იყო) ცნობილ თურქ მწერალს, ელიფ შაფაქს აქვს დაწერილი. საქართველოს ისტორია  ასეთ ხალხს ტაბუს ადებს. ვის აწყობს საქართველოდან წასული ქალი თურქეთში რომ კარგ რამეებს აკეთებს? რაჰიმენდი თავის შაჰს დაუპირისპირდა, ხალხო, თავის შაჰს! კავკასიაში ლაშქრობა აკრძალა. ეს ისტორიები მე ვიცი გიორგი ახალკაციშვილისგან, ლაგვილავასგან. არაბ და პოლონელ ისტორიკოსებს ვეხმიანები სკაიპის და ვოთსაფის მეშვეობით. 

- როლები ვინ გადაანაწილა ქართველ ქალბატონებზე? 

- მე გადავანაწილე, ჩემო კარგო. 

- უქასთინგოდ?

- უქასთინგოდ. ქალბატონი ლელა მომღერალია, მან კამერასთან მუშაობა იცის სამსახიობო გამოცდილება აქვს. რაჰიმენდის ტიპაჟია. ქასტინგ მენეჯერს გავაუგზავნე მისი ვიდეოები, ფოტოები... მე როგორც სცენარის ერთ-ერთ ავტორს, უფლება მაქვს ჩემით, უკასტინგოდ შევარჩიო მსახიობები. 

- დაუჯერებელია, ამხელა პროექტზე ქასთინგის გარეშე როლებზე დამტკიცება.

- მოდი გეტყვი, თამარ. თურქეთის კინოინდუსტრიის კანონია, რომ ქასთინგს მხოლოდ მეორე, მესამე, მეოთხეხარისხოვანი როლების შესრულებლები გადიან. უკვე შემდგარ მსახიობებს და მათ, ვისაც სცენაზე დგომის გამოცდილება აქვთ, უკასტინგოდ  იღებენ. მაგრამ შემდეგ უკვე პრეგადაღება ინიშნება. 

width=600

- ამ ქართველ ქალბატონებს თურქეთში არავინ იცნობს. მხოლოდ შენს რეკომენდაციას ენდნენ?

- მე არ ვიცი, რას ფიქრობთ, არ ვარ ვალდებული დაგიმტკიცოთ რაიმე. 

- კახა მამულაშვილთან ვინ აწარმოა მოლაპარაკება?

- მარიამ დადიანმა.

- ვინ არის მარიამი?

- ერთ-ერთი მეგობარი და ჩემი ასისტენტი. ქალბატონ ლელასთან ოფიციალური შეხვედრა უნდა აგვისტოში უნდა შემდგარიყო...

- კახამ „პრაიმტაიმისთვის“ მარტში მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მაისში იგეგმებოდა ეს მოლაპარაკება.

- არ ვიცი, მე აგვისტოში შეხვედრაზე მაქვს ინფორმაცია. მე გავეცანი მის ინტერვიუს „პრაიმტაიმზე“. მოკლედ, რუსეთმა უარი განაცხადა ამ პროექტზე და სხვა პარტნიორი უნდა მოვიძიოთ. ალბათ, ევროპაში. 

- ლეილა ვინ არის, ვინც მოდელ ლედი მიქელაძეს ეკონტაქტა და ის ერთ-ერთ როლზე „დაამტკიცა“?

- ლეილა იგივე მარიამ დადიანია. ის სტამბულში ცხოვრობს. 

- და იქიდან ეკონტაქტა კახა მამულაშვილსაც?

- დიახ. ჩვენ - მე და მარიამი ერთი და იგივე ექაუნთით ვსარგებლობთ. ხან შეიძლება ჩემი ნომრიდან იყო კახასთან კონტაქტი ვაიბერით და ვოთსაფით, ხან - მისი. ან შეიძლება სოციალური ქსელის მეშვეობით. ამაზე ვერ გიპასუხებთ. მარიამი შვებულებაშია და კარგა ხანს ვერ დაბრუნდება. 

- ვინ ეკონტაქტა ნინო ლეჟავას, თათა ჯაშს, ნანუკა სტამბოლიშვილს?

- მათ მე ვეკონტაქტებოდი. მათაც იცოდნენ, რომ აგვისტოში უნდა მომხდარიყო შეხვედრა. 

- მოკლედ, დათო, ამ ადამიანებს ეს პროექტი არარეალურად მიაჩნიათ, თვლიან, რომ მათ მოატყუე...

- ჰო, მოდი, იმათ დავუჯეროთ. მე თქვენ ნამდვილი მიზეზი გითხარით. 16 წლის ბავშვს ნაღდად არ დაუჯერებდნენ ამ პროექტს, ჩემო კარგო. მათთვის ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. ამიტომ მე ველოდებოდი აგვისტოს თვის დადგომას, რომ ოფიციალური შეხვედრა მომხდარიყო. ხელშეკრულების დამუშავების პროცესი უნდა დაწყებულიყო. მაგრამ რუსეთმა რომ უარი თქვა, მე მათ ვუთხარი, რომ პროექტი არ გამოვიდა-მეთქი. არავინ არ გაარკვია მიზეზი, მხოლოდ თქვენ გაარკვიეთ, მაგიტომ მიყვარს თქვენი სააგენტო. 

- რას პასუხობ მათ, ვინც თვლის, რომ დავით ჯიჯეიშვილმა ისინი მოატყუა? 

- ვერ ვხვდები რაში დამჭირდებოდა ამდენი ადამიანის გადაკიდება?! დაელოდონ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელსაც სერიალის ოფიციალური გვერდი დაწერს. მერე, ვინ ვინ მოატყუა, გაირკვევა. 

 

ავტორი: თამარ გონგაძე