არჩვაძე ჰოლივუდის მსახიობი რომ ყოფილიყო, მისი ჰონორარი ნახევარ საქართველოს შეინახავდა - ქართული კინოს ლეგენდა იუბილარია

17:38 08-03-2019
645

„თენგიზ არჩვაძე ჰოლივუდის მსახიობი რომ ყოფილიყო, მისი ჰონორარი ნახევარ საქართველოს შეინახავდა“ –ასე შეაფასა კარლ ლინეკმა თენგიზ არჩვაძის შემოქმედება, ეს სიტყვები კი მის საიუბილეო საღამოზე წარმოთქვა.

საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ყველასთვის საყვარელ მსახიობს თენგიზ არჩვაძეს დღეს 87 წელი შეუსრულდა. 

„...მე ის კაცი არა ვარ, ვინც გეგმებით ცხოვრობს. არასოდეს არაფერი დამიგეგმავს, მეზიზღებოდა დაგეგმილი ცხოვრება“- ამბობდა არჩვაძე.

გამორჩეული სილამაზით დასამახსოვრებელი მომავალი მსახიობი 1932 წლის 3 აგვისტოს დაიბადა თბილისში. მეორე მსოფლიო ომის დროს ის რაჭაში, ბაბუასთან ცხოვრობდა.

წყნარ, მეოცნებე და გულჩათხრობილ ბავშვს ხატვა ყველაფერს ერჩივნა: „ვხატავდი ცარცით, ნახშირით, რაც მომხვდებოდა ხელში, სადაც მომიწევდა - ყველგან და ყველაფერზე. ხატვის სიყვარული არასოდეს გამნელებია. ავიკიდებდი მოლბერტს და ვხატავდი წყნეთის, უძოს, კოჯრის პეიზაჟებს“. თუმცა, მოგვიანებით მან მხატვრობას მსახიობობა არჩია და თეატრალურ ინსტიტუტში უგამოცდოდ ჩაირიცხა.

თენგიზ არჩვაძემ 1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მალევე მუშაობა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში.width=1000

55-წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში მან 100-ზე მეტი პერსონაჟი განასახიერა და ქართველი კინომოყვარულების ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად იქცა. არჩვაძე ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის გმირებს. ამიტომაც მის მიერ განსახიერებული უარყოფითი პერსონაჟებიც კი უყვარდათ. მართლაც, ვერავინ გაბედავს და იტყვის, რომ თენგიზ არჩვაძე სადმე, რომელიმე ეპიზოდში არის ყალბი.

თენგიზ არჩვაძის პოპულარობა 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. კონკრეტულად, 1961 წელს, როცა ეკრანებზე ერთდროულად გამოდის ლანა ღოღობერიძის ფილმი “ერთი ცის ქვეშ” და შოთა მანაგაძის „კეთილი ადამიანები“. არჩვაძემ ამ ფილმებში ნათამაშები როლებით ქართულ კინოში დაამკვიდრა კეთილი, ლამაზი, ვაჟკაცური ახალგაზრდა კაცის სახე, რომელიც იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ თითქმის ყოველწლიურად იწვევდნენ გადაღებაზე. 

არჩვაძემ სხვადასხვა დროს მთავარი როლები შეასრულა ისეთ გახმაურებულ ფილმებში, როგორიცაა „ხევისბერი გოჩა” (გუგუა, 1964), „ხევსურული ბალადა“ (იმედა, 1965), „მე ვხედავ მზეს“ (დათიკო, 1965), „26 კომისარი“ (ალიოშა ჯაფარიძე, აზერბაიჯანფილმი, 1966), „ვედრება“ (ალუდა ქუთელაური, 1967), „ჯვარცმული კუნძული“ (გიორგი, 1968), „დიდოსტატის მარჯვენა“ (არსაკიძე, 1969), „ანარეკლი“ (ჯაბა იმედაძე, 1972), „წიგნი ფიცისა“ (მეფე ალექსანდრე და ერეკლე II, 1983; რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია, 1985).