ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

16:34 07-27-2019
42

ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა 18:00 საათზე ჩაინიშნა

ამავე სხდომაზე იმსჯელებენ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირის- გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

ჯავახიშვილისა და დათაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ, ირაკლი ოქრუაშვილს კი დღეს.

ოქრუაშვილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებში იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე, 25 ივლისს დააკავეს.

„ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას.“ აცხადებენ შსს-ში