ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის საქმეზე პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრი დაკითხა

18:30 05-15-2019
84

პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას სავარაუდო ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

როგორც „პრაიმტაიმს“ პროკურატურაში განუცხადეს, სამეგრელო ზემო - სვანეთის საოლქო პროკურატურაში 14 მაისს დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია რუსთავი-2 ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე.

ამ დროისთვის გამოკითხულია ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც სავარაუდოდ ფიგურირებს ფარულ ჩანაწერში, ხოლო ჩანაწერი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

„ჩატარდება ყველა საჭირო და საგამოძიებო მოქმედება, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით„, - აცხადებენ პროკურატურაში.

ფარული ჩანაწერი 14 მაისს გავრცელდა.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ფარულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მეორე პირს უხსნის, წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან“.

მათივე ინფორმაციით, „ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად, ვისაც ვერ მოისყიდიან, დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ“.

გია დანელია გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გაუგებრობასა და მონტაჟს უწოდებს.

„ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული დისკრედიტაცია ჩემ მიმართ. ეჭვქვეშ ვაყენებ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას. ესაა გაუგებრობა და მონტაჟი“,- განაცხადა გია დანელიამ.