თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება

18:24 02-14-2019
34

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე მიუნხენში კომპანია MAN-ის საგამოფენო ცენტრს ესტუმრა და შეხვედრა გამართა კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება. 

კახა კალაძემ საგამოფენო ცენტრში წარმოდგენილი უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსი დაათვალიერა, რომლის შემოყვანაც სამომავლოდ თბილისში იგეგმება. 

დედაქალაქის მერის განმარტებით, თუ რამდენი და რა ტიპის ავტობუსი სჭირდება ქალაქს, ამის შესახებ კვლევას კომპანია “სისტრა” აწარმოებს. მისივე თქმით, სწორედ კვლევის შედეგად გამოვლინდა თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის საჭიროება. 

თბილისის მერი, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ასევე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ვარშავაში, საიდანაც თბილისის მერიის მიერ შესყიდული 90 ავტობუსის პირველი პარტია უკვე გამოიგზავნა. საგანგებოდ თბილისისთვის ბრენდირებული 10-მეტრიანი ავტობუსები სრულად ადაპტირებულია და უზრუნველყოფილია, როგორც გათბობისა და კონდიცირების, ისე უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით.