უსინათლო ადამიანებმა ჭკვიანი სათვალისა და იმპლანტანტის მეშვეობით ისევ დაინახეს

მხედველობა

 თვალის ყვითელი ხალის, მაკულის, ასაკობრივი დეგენერაცია (AMD) პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც უსინათლობას იწვევს. ამ მდგომარეობის მქონე ათობით პაციენტში მეცნიერებმა ახალი მეთოდი გამოცადეს, რომელიც თვალის იმპლანტანტსა და ჭკვიან სათვალეს მოიცავს. მათი მეშვეობით ამ ადამიანებმა ხელახლა დანახვა შეძლეს.

მკვლევრების თქმით, პაციენტებს მხედველობა იმ დონეზე აღუდგათ, რომ კროსვორდის შევსება და ბეჭდური წიგნების წაკითხვა მოახერხეს. მონაწილეებს შორის იყვნენ 60 და მეტი წლის ის პირები, რომლებსაც ორივე თვალში AMD-ის დიაგნოზი ჰქონდათ დასმული. მხედველობის მკაფიოობის შეფასების logMAR-ის ცხრილში მათი მაჩვენებელი 1.2 ან ნაკლები იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაავადება შეუქცევადია, რადგან თვალის ბადურას ცენტრალურ ნაწილში უჯრედები დროთა განმავლობაში ნადგურდება. სპეციალისტების მიზანი პაციენტებისთვის დაკარგული მხედველობის დაბრუნება იყო, რისთვისაც მზის პატარა ფოტოვოლტური პანელებისგან დამზადებული 2x2-მილიმეტრიანი მოწყობილობა გამოიყენეს. ის ბადურას ქვეშ ქირურგიულად გადანერგეს.

ჭკვიანი სათვალეები, რომლებიც პაციენტებს ეკეთათ, კამერითაა აღჭურვილი და გარემოს მიახლოებულ სურათებს იმპლანტანტს ახლო ინფრაწითელი სინათლით გადასცემს. ამის შემდეგ იმპლანტანტი მცირე ელექტრულ სიგნალს ოპტიკურ ნერვს აწვდის, რითაც ბადურას შემადგენელი უჯრედების ბუნებრივ რეაქციას იმეორებს.

კვლევის ფარგლებში გადანერგვის ოპერაცია 38 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგანაც 32 კლინიკურ ცდაში ერთი სრული წლის განმავლობაში მონაწილეობდა. ამ პერიოდის დასრულებისას 26 მათგანს მხედველობა გაუუმჯობესდა, წარმატებით მაჩვენებელი კი 80% იყო. მართალია, ისინი ჯერ კიდევ ბუნტად და შავ-თეთრად ხედავდნენ, თუმცა მეცნიერები ამ მიღწევას "გასაოცარს" უწოდებენ.

ეს ტექნოლოგია ნეიროკომპიუტერულ კომპანია Science Corporation-ს ეკუთვნის; მისი აღმასრულებელი დირექტორი, მაქს ჰოდაკი, ილონ მასკთან ერთად Neuralink-ის თანადამფუძნებელია. Science Corporation-მა თვალის იმპლანტანტის ტექნოლოგია ფრანგულ კომპანია Pixium Vision-ისგან მიიღო.