თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
1754404946
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დაადგინეს, დაახლოებით რამდენი ხე კვდება ყოველწლიურად მეხის დაცემის გამო. მათ სათვალავში მხოლოდ ის მცენარეები მოიაზრეს, რომლებსაც ეს მოვლენა პირდაპირ ანადგურებს, რაც ნიშნავს, რომ ამის შემდგომი ხანძრების დროს დამწვარი ხეები რაოდენობას კიდევ უფრო მეტად ზრდის.
აღმოჩნდა, რომ ყოველ წელს დედამიწაზე მეხი 320 მილიონამდე ხეს ანადგურებს. ეს მცენარეთა ბიომასის წლიური დანაკარგის 2.9 პროცენტია და 1.09 მილიარდ ტონამდე ნახშირორჟანგის ემისიაზეა პასუხისმგებელი.
ხეების სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამოთვლა საკმაოდ რთულია. ხშირად ვიზუალურად ძნელი შესამჩნევია, რის გამო განადგურდა მცენარე, ხან კი ისინი ზედმეტადაა დაზიანებული. ასევე, ზოგჯერ ხე ძალიან ნელა კვდება, ხოლო არატროპიკულ ტყეებზე დაკვირვებების იშვიათობა მონაცემების სიმწირეს განაპირობებს. შესაბამისად, მეცნიერებს რამდენიმე მეთოდის ერთდროულად გამოყენება მოუწიათ. მათ შორის იყო ელვის დასაფიქსირებელი კამერა-სისტემა, რომელიც სხვა გუნდის მიერ კუნძულ ბარო კოლორადოს ტროპიკულ ტყეში განთავსდა. ამას მოჰყვა დრონებითა და სახმელეთო დაკვირვებებით მსგავსი მოვლენების დადასტურებაც.
მონაცემებმა ცხადყო, რომ ამგვარი ელვა გავრცელების მაღალი პოტენციალით გამოირჩევა. საქმე ისაა, რომ მეხის დროს ელექტრობა მეზობელი ხეების გვირგვინებს შორის ჰაერის მიჯნებს არღვევს და ე.წ. რკალურ განმუხტვას განაპირობებს. შედეგად, ეს ეფექტი მისი დაცემის ადგილიდან 45 მეტრ მანძილზეც შეინიშნება ხოლმე. საბოლოო ჯამში, ამის გამო მეხის ერთი დაცემით საშუალოდ 3.5 ხე კვდება.
ავტორებმა აღნიშნული მოდელი რეალურ მონაცემებს შეადარეს და დაასკვნეს, რომ ის მაჩვენებლებს ადეკვატურად შეესაბამება. შემდეგ იგი მსოფლიოს ტროპიკულ და ზომიერი კლიმატის ტყეებზე გამოცადეს. გლობალური საშუალო მაჩვენებლის მისაღებად მათ ელვების სიხშირისა და სიმჭიდროვის მონაცემებიც გამოიყენეს, რომლებიც კოსმოსური ოპტიკური ქსელითა და სახმელეთო დაკვირვებებითაა შეგროვებული.
სიმულაციების მიხედვით, ყოველწლიურად ხმელეთზე 286-328 მილიონი მეხი ეცემა. მათი უმეტესობა ყინულის საფარის არმქონე არეალში შეინიშნება, განსაკუთრებით კი ტროპიკულ რეგიონებში. ამის შედეგად, 2004-2023 წლებს შორის პერიოდში ხეების წლიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი 301-340 მილიონი იყო.
მათ შორის განადგურდა 24-36 მილიონი დიდი მცენარე, 60 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრით. შედარებისთვის, ბუნებრივი მიზეზით ყოველ წელს დაახლოებით 50 მილიარდი ხე კვდება, ამიტომ მეხი მხოლოდ 0.69%-ზეა პასუხისმგებელი. ამის მიუხედავად, ის დიდი ხეების 6.3%-ის დანაკარგს იწვევს.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. ყველაზე ცუდი მდგომარეობა ტროპიკულ რეგიონებშია, თუმცა პროგნოზირებენ, რომ შუა და მაღალ განედებზეც მეხი უფრო გახშირდება. ეს გასათვალისწინებელია იმის გასაგებად, თუ როგორ რეაგირებს ფლორა კლიმატის ცვლილებაზე და როგორი იქნება მომავალში ნახშირბადის ციკლი.