თუ თქვენი ჰობი შემოქმედებითი ხასიათისაა, მეცნიერებს კარგი ამბავი აქვთ

პალიტრა

მეცნიერებმა 1240 ადამიანის მონაცემების საფუძველზე დაასკვნეს, რომ შემოქმედებითი ჰობის ქონა ჩვენს ტვინს ახალგაზრდობას უნარჩუნებს. ეს თქვენც გეხებათ, თუ თავისუფალ დროს ხატავთ, გიტარაზე დაკვრას ცდილობთ, ახალ რეცეპტებს ცდით, ქსოვთ, უცხო ენას სწავლობთ და სხვა.

ტვინზე მათი გავლენის შესასწავლად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს "ასაკი" ხშირად ქრონოლოგიურ ხნოვანებას არ ემთხვევა — ის ზოგჯერ უფრო სწრაფად ან ნელა ბერდება. ამ სხვაობების უკეთ გასაგებად სპეციალისტებმა კვლევაში მონაწილეთა ტვინის გამოსახულებები გააანალიზეს. ეს ინფორმაცია მათ მანქანური დასწავლის მოდელებით დაამუშავეს და ის 232 ადამიანის მონაცემებს შეადარეს. თითოეული მათგანი აქედან ერთი შემოქმედებითი ჰობით იყო დაკავებული: ტანგოს ცეკვით, მუსიკით (სიმღერა, დაკვრა), ხატვითა და რეალურ დროში მიმდინარე სტრატეგიული ვიდეოთამაშებით.

აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი სარგებლის მომტანია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, აქედან რომელ ჰობს ანიჭებთ უპირატესობას. ეს კარგია, რადგან მეტი შანსია, რომ თქვენთვის სასურველი საქმიანობის ერთგულნი დიდხანს დარჩეთ. საქმე ისაა, რომ უფრო გამოცდილი მონაწილეების ტვინის დაბერება სხვებთან შედარებით მეტად იყო შენელებული.

ამ მხრივ პირველი ადგილი ტანგოთი გატაცებულმა პირებმა დაიკავეს, რომელთა ტვინიც ქრონოლოგიურ ასაკზე საშუალოდ 7 წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა. ავტორები ამბობენ, რომ ეს გასაკვირი არაა, რადგან აღნიშნული ცეკვა ტვინის ბევრი რეგიონის ჩართულობას, კოორდინაციას, დაგეგმვასა და რთული ქორეოგრაფიის სწავლას მოითხოვს.

გამოიკვლიეს ის ადამიანებიც, რომელთათვისაც კონკრეტული ჰობი ახალი იყო. მეცნიერებმა 24 მოხალისეს ვიდეოთამაში StarCraft II ასწავლეს, 12-კაციან კონტროლ ჯგუფს კი Hearthstone-ს ათამაშებდნენ, რომელიც ნაკლებად შემოქმედებითია. შედეგად პირველ ჯგუფში ტვინის ხნიერების უკეთესი მაჩვენებელი დაფიქსირდა — საშუალოდ 3.1 წელი სხვაობა ქრონოლოგიურ ასაკთან — როგორც მოსალოდნელი იყო.

"სულაც არაა აუცილებელი, რომ და ვინჩი იყო, რათა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ეფექტები გამოგივლინდეს", — ასკვნიან ავტორები.

დაბერების შენელება განსაკუთრებით ტვინის იმ რეგიონებში შეინიშნებოდა, რომლებიც ასაკის მიმართ მოწყვლადია. ეს არეალები შემოქმედებითობასთან ასოცირებულ კოგნიტიურ ფუნქციონირებასთან და ნეირონული პროცესების ეფექტიანობასთანაა დაკავშირებული.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.