ჯარიმა 500 ლარია - ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს
1761164427
რუსთაველის გამზირზე აქციის 20-მდე მონაწილე ადმინისტრაციული, ხოლო ქალი, რომელიც პოლიციის ავტომანქანაზე ავიდა, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. გზის გადაკეტვის პარალელურად, დემონსტრანტების მხრიდან პოლიციის მიმართულებით ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც. დაკავებულებს შორის არიან ვაჟა გაფრინდაშვილი და ლიკა ბასილაია- შავგულიძე. მათ საქმეებზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
თამარ ლორთქიფანიძის ადვოკატის, გუჯა ავსაჯანიშვილის განცხადებით, თავისი დაცვის ქვეშ მყოფს, ამ მოცემულობით, ხულიგნობას ედავებიან.
"თამარის ნაწილში, ამ მოცემულობით, ედავებიან ხულიგნობას. ბრალდების დადგენილება ამ ეტაპამდე არ ჩაგვბარებია, ამასთან დაკავშირებით მოთხოვნა გუშინვე დავაყენეთ. სრულიად შეიძლება სხვა კვალიფიკაცია იყოს აღნიშნულთან დაკავშირებით. სასამართლოზე ჩვენ გვექნება ვიდეომტკიცებულებები, ასევე გვეყოლებიან მოწმეებიც, რომლებიც დაადასტურებენ, იყო თუ არა რეალურად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებაში რაიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები", - აცხადებს უფლებადამცველი.
ადვოკატი ბორის ჩელე ყურუა აცხადებს, რომ ის აქციაზე დაკავებული 3 პირის უფლებებს იცავს და იმედს გამოთქვამს, რომ ადეკვატური დრო ექნება საქმის მასალების გასაცნობად.
"მე წარმოვადგენ სამი ადამიანის ინტერესებს. სავარაუდოდ, ედავებიან პოლიციის დაუმორჩილებლობას და ერთს ედავებიან ქუჩის გადაკეტვას. ამ შემთხვევაში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომეცემა ადეკვატური დრო მტკიცებულებების და მასალების გასაცნობად და ასევე, მტკიცებულებების მოსაპოვებლად", - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.