ცა გაწითლდა, მზის ჩასვლა გამწვანდა, მთვარე კი გალურჯდა - რა მოხდა 1883 წელს და რატომ

ცა გაწითლდა

1883 წელს უჩვეულო შემოდგომა დადგა. მზის ამოსვლისას და ჩასვლისას ცა უცნაურ წითელ შეფერილობას იღებდა, რომელსაც ალაგ-ალაგ მწვანე და იისფერი სხივებიც გამორეოდა. მთვარეც საინტერესოდ გამოიყურებოდა — მას ლურჯი ფერი დაჰკრავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ეფექტები ევროპასა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშიც შეინიშნებოდა, "დამნაშავე" ინდონეზიაში ამოფრქვეული ვულკანი კრაკატაუ გახლდათ. ეს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე გამანადგურებელი ვულკანური ამოფრქვევაა.

კრაკატაუს ვულკანი ჯავასა და სუმატრას კუნძულებს შორის, ზონდის ყურეში, მდებარეობს. 1883 წლის მაისში მან გაღვიძება დაიწყო, საბოლოოდ კი 27 აგვისტოს ამოიფრქვა. აფეთქების შედეგად გამოთავისუფლებული ენერგია დაახლოებით 200 მეგატონ TNT-ს უდრიდა. შედარებისთვის, იგი ცარ-ბომბის, ყველაზე ძლიერი ბირთვული იარაღის, სიმძლავრეს ოთხჯერ აღემატებოდა.

ამოფრქვევის შედეგად კუნძული განადგურდა, შოკური ტალღები კი მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ამ მოვლენამ დაახლოებით 36 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, ამოფრქვევით გამოწვეულმა ცუნამიმ კი 165 სოფელი მიწასთან გაასწორა. ცხელი აირისა და ვულკანური მასალების ნაკადებმა, რომლებმაც კუნძულ სუმატრამდე მიაღწია, დამატებით კიდევ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გლობალური ტემპერატურა 0,6°C–ით იყო დაცემული. ამის მიზეზი ჰაერში ასული აირი და ფერფლი იყო, რომლებიც მზის სხივებს ჩვენამდე მოღწევაში ხელს უშლიდა.

დედამიწის ატმოსფეროში მოხვედრილმა ფერფლმა და ვულკანურმა აირებმა ცაში სინათლის გავლაზეც იქონია ზეგავლენა.

როგორც წესი, შედარებით მოკლე, ლურჯი, ტალღის სიგრძე იფანტება, ამის გამო კი მზის ჩასვლას წითლად ვხედავთ. მეორე მხრივ, როდესაც ჰაერში "აეროზოლები" ხვდება, სინათლე უფრო ჩახლართულად განიბნევა — მაგალითად, წითელი ფერი კიდევ უფრო მუქდება, ალაგ-ალაგ კი იისფერიც ჩნდება.

ზოგი სპეკულაციის მიხედვით, ეს მოვლენა ედვარდ მუნკის ცნობილი შედევრის, "კივილის", შთაგონება იყო. მხატვარმა იგი კრაკატაუს ამოფრქვევიდან ათი წლის შემდეგ შექმნა. ამაზე თავად მუნკსაც აქვს დაწერილი. ის ამბობდა, რომ ამ მოვლენამ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

ბევრი ადამიანი კიდევ უფრო შორს მიდის და ფიქრობს, რომ კრაკატაუს ამოფრქვევამ არამხოლოდ მუნკი, არამედ იმ პერიოდის ხელოვანთა უმრავლესობა შთააგონა, მაგალითად: მონე, ვან გოგი, რენუარი ან მანე. თავისთავად, ამას დაზუსტებით ვერავინ დაადგენს.

მომზადებულია on.ge-ს მიერ