„თანახმა ვარ, მაგრამ აქ ხმამაღლა ნუ საუბრობ...“ - რა ისმის ფარულ ჩანაწერში, რომელიც შსს-მ გაავრცელა
1756368043
ენებს შორის უამრავი სხვაობა არსებობს, ბევრი მათგანი კი ადამიანების აღქმაზე ზემოქმედებს.
მაგალითად, ქართულ ენაში მომავალში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ გამოვხატავთ: "ხვალ იწვიმებს". ზოგ ენაში აწმყო და მომავალი ასე მკვეთრად არაა გამიჯნული. იმავე წინადადებას გერმანელები უმეტესად ასე ამბობენ: "Morgen regnet es" ("ხვალ წვიმს"). როგორც ხედავთ, მომავალი დრო დაკონკრეტებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ის ნაგულისხმებია.
შეიძლება ეს უმნიშვნელო გრამატიკულ დეტალად მოგეჩვენოთ, თუმცა გერმანულად ნათქვამი ეს წინადადება ისე ჟღერს, თითქოს ეს მოვლენა (ამ შემთხვევაში, წვიმა) იმის ნაწილია, რაც უკვე ხდება. ეს ბუნდოვანი ზღვარი სინამდვილეში შეიძლება დროის ჩვენეულ აღქმას ცვლიდეს.
მსგავსი თავისებურება სხვა ენებშიც გვხვდება, მაგალითად, ნორვეგიულში, დანიურში, შვედურში, ესტონურსა და ფინურში. მანდარინში ზმნები მომავალში საერთოდ არც იუღლება. მაგალითად, ამინდის პროგნოზის წამყვანები ამბობენ: "ხვალინდელი წვიმა".
საინტერესოა, რომ ამ ენებზე მოსაუბრეები სამომავლო გადაწყვეტილებებს უფრო გულდასმით იღებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ მომავალი უფრო ახლოს ჰგონიათ, ვიდრე ქართულის მსგავს ენებზე მოსაუბრეებს, რომლებიც მომავალს უფრო შორეულ და აბსტრაქტულ კონცეფციად აღიქვამენ.
2013 წელს იელის მენეჯმენტის სკოლის ქცევითმა ეკონომისტმა, კიტ ჩენმა, სწორედ ამ თემაზე ჩაატარა კვლევა. ცდისპირებს ერთმანეთის მსგავსი შემოსავალი, განათლების დონე და ოჯახური მდგომარეობა ჰქონდათ. ისინი ერთსა და იმავე ქვეყანაში იყვნენ დაბადებულნი, თუმცა სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ.
აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომელთა მშობლიურ ენაშიც აწმყო და მომავალი ერთმანეთისგან მკვეთრადაა გამიჯნული, 31%-ით უფრო მეტად ზოგავდნენ ფულს; ასევე, პენსიაზე გასვლამდე 39%-ით მეტი ქონება ჰქონდათ დაგროვებული; 24%-ით ნაკლებად იყვნენ მწეველები; 29%-ით უფრო ხშირად ვარჯიშობდნენ და 13%-ით ნაკლებად იყვნენ სიმსუქნისკენ მიდრეკილნი.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ კანონზომიერების ხასიათი ცოტათი ბუნდოვანია. შესაძლოა, ამ ყველაფერს კულტურული განსხვავებებიც განაპირობებდეს.
ეს არ არის ერთადერთი კვლევა, რომელიც რეალობის აღქმაზე ენის ზეგავლენას სწავლობს. ბევრმა ნაშრომმა ცხადყო, რომ ის ადამიანები, რომელთა ენის დამწერლობაც მარცხნიდან მარჯვნივაა განლაგებული (მაგალითად, ქართული), დროს მარცხნიდან მარჯვნივ მიმდინარედ აღიქვამენ. მეორე მხრივ, ის ხალხი, რომელთა დამწერლობაც მარჯვნიდან მარცხნივაა (მაგალითად, არაბული ან ებრაული ენები) — დროის მსვლელობას საპირისპირო მიმართულებით აღიქვამენ.