შექმნეს AI ხელსაწყო, რომელიც მეცნიერებს რომაული წარწერების გაშიფვრაში ეხმარება

შექმნეს AI ხელსაწყო

მეცნიერები ყოველწლიურად 1500-ამდე ახალ ლათინურ წარწერას აღმოაჩენენ ხოლმე. თითოეული მათგანი შანსია იმისა, რომ ძველი რომაელების ცხოვრებაზე მეტი გავიგოთ. ეს ტექსტები, ოფიციალური დადგენილებები იქნება თუ უხამსი შინაარსის წარწერები, მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროებია, რომლებსაც ყველა სოციალური კლასის ადამიანები წერდნენ. მეორე მხრივ, ბევრი ასეთი წარწერა დაზიანებული ან არასრულია, ისტორიკოსებს კი მათი ინტერპრეტაცია უჭირთ.

Google-ის AI ლაბორატორიის, DeepMind-ის, მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალი ხელსაწყო შექმნეს, რომელიც მკვლევრებს უძველესი რომაული წარწერების გაშიფვრაში ეხმარება. ხელსაწყოს Aeneas (ენეასი) შეარქვეს კლასიკური მითოლოგიიდან, ტროას ერთ-ერთი გმირის პატივსაცემად. იგი მკვლევრებს ლათინური წარწერების გაანალიზებაში დაეხმარება და არგუმენტირებულ ვარაუდებს წამოაყენებს როგორც მათ წარმოშობაზე, ასევე შექმნის დროსა და დაკარგულ ნაწილებზეც.

იანის ასაელის, კვლევის თანაავტორის თქმით, ეს წარწერები "ისტორიკოსებისთვის ძალიან ძვირფასია, რადგან უძველესი ადამიანების აზროვნების, ენის, საზოგადოებისა და ისტორიის შესახებ უშუალო მონაცემებს იძლევა".

"წარწერების უნიკალურობა იმაშია, რომ მათ უძველესი ადამიანები თავად ქმნიდნენ ყველა სოციალური კლასიდან, ნებისმიერ თემაზე. ეს უბრალოდ ელიტის მიერ დაწერილი ისტორია არაა", — აცხადებს ასაელი, DeepMind-ის მკვლევარი.

ამის მიუხედავად, მკვლევარი განმარტავს, რომ მათი ინტერპრეტაცია თავსატეხის ამოხსნას ჰგავს — ჩვეულებრივ, მეცნიერებმა არ იციან ხოლმე, როდის ან სად შეიქმნა წარწერა.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად მკვლევრებმა Aeneas რომის იმპერიასთან დაკავშირებულ უამრავ მონაცემზე გაწვრთნეს — მათ 176 861 წარწერის მონაცემი გამოიყენეს, ჯამში დაახლოებით 16 მილიონი სიმბოლო. ამ მასალის 5% სურათებსაც მოიცავდა. ხელსაწყო კონკრეტული ტიპის AI-ს, გენერაციულ ნეირონულ ქსელს, იყენებს. მას სხვადასხვა ტიპის მონაცემებში რთული კანონზომიერებების ამოცნობა შეუძლია.

თეა სომერშილდი, ნოტინგემის უნივერსიტეტის ისტორიკოსი და მოდელის თანაშემქმნელი, ამბობს, რომ წარწერებზე მუშაობა ნაწილების შეკოწიწებას და თავსატეხის ამოხსნას ჰგავს. Aeneas მკვლევრებს იმით ეხმარება, რომ წარწერის შექმნის დროსა და ადგილზე შედარებით სარწმუნო ვარაუდებს გამოყოფს; მეცნიერებს იგი სხვადასხვა ვერსიასაც სთავაზობს იმაზე, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ნათქვამი დაზიანებულ სექციებში.

მოდელის გამოსაცდელად მკვლევრებმა "ღვთაებრივი ავგუსტუსის საქმენი" (Res Gestae Divi Augusti) გააანალიზეს, რომელშიც რომის პირველი იმპერატორი საკუთარი მიღწევებით ტრაბახობს. ისტორიკოსები დიდი ხანია ბჭობენ ამ ტექსტის შექმნის დროზე. მიუხედავად თავისი მიკერძოებული ტონისა და დამაბნეველი წყაროებისა, Aeneas-მა მაინც მოახერხა და ორი შესაძლო თარიღი დაასახელა. როგორც აღმოჩნდა, მოწინავე სამეცნიერო თეორიებს ორივე მათგანი დაემთხვა.

ხელსაწყო 20-ზე მეტმა ისტორიკოსმა შეამოწმა, შემთხვევათა 90%-ში კი AI-მ მათ გამოსადეგი მიმართულება მისცა. ნაშრომის მიხედვით, საუკეთესო შედეგები მიიღწეოდა მაშინ, როცა Aeneas ექსპერტები თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების პარალელურად იყენებდნენ.

კვლევის თანაავტორის, რობ ვულგარტის, აზრით, პროექტი ერთგვარი დემონსტრირებაა იმისა, რომ AI ჰუმანიტარულ სფეროებში შეგვიძლია არა კრიტიკული აზროვნების ჩასანაცვლებლად, არამედ მის ხელშესაწყობად და მხარდასაჭერად გამოვიყენოთ.

ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.