საძილე აბი, რომელიც ტვინს „იცავს“ - მეცნიერების ახალი აღმოჩენა ალცჰაიმერთან ბრძოლაში

საძილე აბი

ახალი სამეცნიერო კვლევის მიხედვით, ფართოდ გამოყენებული საძილე პრეპარატი, შესაძლოა, ტვინს ალცჰაიმერის დაავადებასთან  ბრძოლაში დაეხმაროს. შედეგები, რომლებსაც მეცნიერები ძალიან იმედის მომცემად აფასებენ, ცნობილ სამეცნიერო პლატფორმა ScienceAlert-ზე გამოქვეყნდა.

კვლევაში მონაწილეობა 45-დან 65 წლამდე ასაკის ჯანმრთელმა ადამიანებმა მიიღეს, რომლებსაც არ ჰქონდათ არც ალცჰაიმერის დაავადება და არც ძილის სერიოზული პრობლემები.

მონაწილეებს ორი ღამის მანძილზე აძლევდნენ სუვორექსანტის (suvorexant) სახელით ცნობილ საძილე მედიკამენტს. დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს, რომ სუვორექსანტის მიღების შემდეგ ტვინში ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი ამილოიდ-ბეტა (amyloid-beta) ცილის დონე დაახლოებით 10–20 პროცენტით შემცირდა.

უფრო მაღალი დოზით მიღებისას კი შეინიშნებოდა კიდევ ერთი სახიფათო ცილის — ფოსფორილირებული ტაუს — დროებითი შემცირება.

კვლევის ავტორების თქმით, ეს შედეგები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ძილის მნიშვნელობას ტვინის ჯანმრთელობისთვის.

ცნობილია, რომ ღრმა და ხარისხიანი ძილი ეხმარება ორგანიზმს ნეიროტოქსიკური ნივთიერებებისგან გათავისუფლებაში, რაც თავის მხრივ ამცირებს ნეიროდეგენერაციული დაავადებების რისკს.

თუმცა მეცნიერები დასძენენ, რომ ეს მხოლოდ პირველადი აღმოჩენებია და სუვორექსანტის გამოყენება ალცჰაიმერის პრევენციის მიზნით ამ ეტაპზე არ არის რეკომენდებული, რადგან კვლევა ჩატარდა მცირე ჯგუფზე  ხანმოკლე პერიოდში, ამიტომ შედეგების დასადასტურებლად დამატებითი, ფართომასშტაბიანი კვლევებია საჭირო.

როგორც ScienceAlert წერს, ბოლო წლებში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს ძილის ხარისხსა და ტვინის დეგენერაციულ პროცესებს შორის კავშირი.

ექსპერტების თქმით, ჯანსაღი ძილი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა იყოს ტვინის დასაცავად.