ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში
1752576837
მზე პლაზმური სფეროა, რომლისგან მომავალი სითბოც დედამიწას "აცოცხლებს". მისი წყალობით ჩვენს პლანეტაზე ევოლუციური პროცესები დაიწყო და სხვადასხვა რთული ორგანიზმი განვითარდა. მეორე მხრივ, მზე მავნე და სახიფათო ობიექტიც არის, რომელიც მომაკვდინებელ ულტრაიისფერ გამოსხივებას გამოყოფს; ამოფრქვევისას იგი დედამიწისკენ პლაზმის უზარმაზარ მასებს უშვებს.
NASA-ს ზონდი, სახელად Parker Solar Probe, მზეზე სწორედ მსგავსი ფენომენების გამოსაკვლევად გაგზავნეს. ზონდი კოსმოსში 2018 წელს გაუშვეს, მისი მიზანი კი მზის კორონალური პლაზმისა და მაგნიტური ველის შესწავლაა. ამისათვის მას მზესთან ძალიან ახლოს მისვლა და, როგორც NASA აღწერს, "მზესთან შეხება" სჭირდება.
მისიის დაწყების დღიდან ზონდი მზეს სულ უფრო მეტად უახლოვდებოდა და არაერთი რეკორდი დაუმყარებია. 2024 წლის 24 დეკემბერს აპარატმა კაცობრიობა კიდევ ერთხელ გააკვირვა და მზის ზედაპირიდან სულ რაღაც 6.1 მილიონი კილომეტრის დაშორებით იფრინა.
ექვსი მილიონი კილომეტრი შეიძლება ბევრი გვეჩვენოს, მაგრამ როდესაც საქმე მზეს ეხება, ეს წარმოუდგენლად ახლო მანძილია. საბედნიეროდ, ხომალდი რამდენიმე დამცავი ფენითაა აღჭურვილი და მზესთან მიახლოებას უპრობლემოდ ახერხებს. ასევე, ეს ზონდი ისტორიაში ყველაზე სწრაფად მოძრავი აპარატიცაა. 2024 წელს იგი 692 ათასი კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
სწორედ ამ გასაოცარი მისიის ფარგლებში მოახერხა ზონდმა, მზის ყველაზე ახლო სურათები გადაეღო და ჩვენთვის მოეწოდებინა.
Parker Solar Probe ოთხი ძირითადი ნაწილისგან, მათ შორის WISPR-ისგან, შედგება. WISPR მზის ზონდში ჩამონტაჟებული ფართოკუთხიანი ფოტოაპარატია, რომელიც ორი კამერითაა აღჭურვილი. მას რადიაციისა და მზის სიმძლავრის ატანა შეუძლია. ამ კამერების მთავარი ამოცანა მზის გვირგვინის, მზის ქარისა და მზესთან დაკავშირებული სხვა მოვლენების გადაღებაა. ბოლო ფრენისას WISPR-მა მზის ყველაზე ახლო გამოსახულებების დაფიქსირება შეძლო.
"პარკერის მზის ზონდმა ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის დინამიკური ატმოსფერო გვაჩვენა. მისი წყალობით კოსმოსურ ამინდთანდაკავშირებული საფრთხეები ჩვენი თვალით დავინახეთ. ეს ახალი მონაცემები კოსმოსური ამინდის პროგნოზირებასა და ასტრონავტთა უსაფრთხოების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება", — ამბობს ნიკ ფოქსი, NASA-ს სამეცნიერო მისიების ასოცირებული ადმინისტრატორი ვაშინგტონში.
მზის ქარი დამუხტული ნაწილაკების ნაკადია, რომელიც მზიდან განუწყვეტლივ მოედინება. სწორედ მისი დამსახურებით ვხედავთ ულამაზეს პოლარულ ციალს, მაგრამ იგი ამავდროულად ელექტროქსელებსა და თანამგზავრებს აზიანებს ხოლმე. კაცობრიობა კოსმოსურ სივრცეში მუდმივად ვითარდება და დედამიწის ორბიტაც სულ უფრო მეტად ივსება თანამგზავრებით. ამ ტექნიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ მზის ქარსა და კორონალური მასის ამოფრქვევებს დავაკვირდეთ, სამომავლოდ კი მათი პროგნოზირება შევძლოთ.
მზის ქარისგან განსხვავებით, კორონალური მასის ამოფრქვევა ეპიზოდური ხასიათისაა. ამ ამოფრქვევებმა შეიძლება დედამიწამდეც მოაღწიოს და მაღალი სიჩქარით მოძრავი ტონობით პლაზმა მოიტანოს ჩვენამდე. ამ პლაზმას დედამიწაზე გეომაგნიტური შტორმების გამოწვევა და თანამგზავრების დაზიანება შეუძლია.
მზის ზონდს სახელი ამერიკელი ჰელიოფიზიკოს იუჯინ პარკერისპატივსაცემად ეწოდა, რომელმაც 1958 წელს ტერმინი "მზის ქარი" შემოიღო. მზის შესახებ მისი თეორიები, რომლებიც იმ დროისთვის დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, რევოლუციური აღმოჩნდა და ამ სფეროში ჩვენი გაგება სამუდამოდ შეცვალა.
მზის შესასწავლად კოსმოსში მრავალი მისია გაშვებულა, მაგრამ Parker Solar Probe მათ შორის მოწინავედ მიიჩნევა. იგი უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა კი მაგნიტური ველის რხევის უეცარი შებრუნებების (ინგლისურად switchbacks) ბუნების გამოვლენაა.
მზის ქარი დედამიწის ორბიტასთან თითქმის ყოველთვის ერთნაირია, მაგრამ მზესთან ახლოს სიტუაცია უფრო რთულდება. მზეს უკიდურესად ძლიერი მაგნიტური ველი აქვს; როცა პარკერის ზონდი მზეს მიუახლოვდა, დავინახეთ, რომ ზოგიერთი ველი ზიგზაგისებურად მოძრაობდა. პარკერის ზონდმა გვაჩვენა, რომ ეს მოძრაობები იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა.
მზის გვირგვინთან მიახლოებამ აჩვენა, რომ მზის ქარის წარმოქმნაზე ნაწილობრივ ეს ზიგზაგისებური მოძრაობებია პასუხისმგებელი.
"დიდი ხანია ვცდილობთ იმის გარკვევას, თუ როგორ წარმოიქმნება მზის ქარი და როგორ ახერხებს ის მზის უზარმაზარი გრავიტაციული მიზიდულობისგან თავის დაღწევას. ამ ფენომენის შესწავლა მეცნიერებისთვის დიდი გამოწვევაა, მაგრამ პარკერის მზის ზონდის მეშვეობით მათი წარმოშობისა და ევოლუციის შესწავლასთან ახლა ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს", — განაცხადა ნურ რავაფიმ, ჯონ ჰოპკინსის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის მეცნიერმა.
ბოლო ათწლეულებში მზის შესახებ ბევრი ახალი რამ გავიგეთ და სამეცნიერო სამყაროში უამრავი ახალი კითხვა გაჩნდა. NASA იმედოვნებს, რომ Parker Solar Probe ჩვენს ყველაზე საინტერესო კითხვებს პასუხს გასცემს და უამრავ საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდის.
ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში
1752576837