„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ასტრონომებმა სუბარუს ტელესკოპის მეშვეობით ნეპტუნის მიღმა არსებული აქამდე უცნობი ობიექტი აღმოაჩინეს, რომელსაც "ამონიტი" უწოდეს. მისი ოფიციალური სახელი 2023 KQ14-ია და იგი ე.წ. სედნოიდების კატეგორიაში ერთიანდება. ესა მზის სისტემის შორეულ რეგიონში უჩვეულო ორბიტებზე მოძრავი სხეულები, რომლებშიც თავად ჯუჯა პლანეტა სედნაც შედის.
სიმულაციების მიხედვით, ამონიტის ტრაექტორია 4.5 მილიარდი წლის განმავლობაში სტაბილურად შენარჩუნდა. შესაბამისად, ის ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ინახავდეს, მათ შორის ჰიპოთეზურ მე-9 პლანეტაზეც.
ამ ობიექტს მეცნიერებმა პროექტ FOSSIL-ის ფარგლებში მიაკვლიეს, რომელზეც ძირითადად იაპონელი და ტაივანელი მეცნიერები მუშაობენ. მათი სამიზნე სწორედ ასეთი ძველი სხეულებია, რომელთაც სუბარუს ტელესკოპის ფართო ხედვის კამერით აკვირდებიან. ამონიტი პირველად 2023 წლის მარტში, მაისსა და აგვისტოში შეგროვებულ მონაცემებში შენიშნეს. შემდეგი წელის ივლისში მათ დამატებითი დაკვირვებებით მისი დეტალური ორბიტა გამოავლინეს და მინიშნებებს სხვა ტელესკოპების არქივებშიც მიაგნეს.
ობიექტის სავარაუდო დიამეტრი 220-380 კილომეტრია. მისი ორბიტა დანარჩენი სამი სედნოიდისგან განსხვავებულია, თუმცა დაახლოებით 4.2 მილიარდი წლის წინ ერთნაირი უნდა ყოფილიყო. ეს განსხვავება მიანიშნებს, რომ მზის სისტემის გარე რეგიონი საკმაოდ მრავალფეროვანი და დინამიკურია. კვლევაში გამოყენებული სიმულაციების მიხედვით, თუ მე-9 პლანეტა მართლაც არსებობს, მისი ორბიტა იმაზე შორს შეიძლება იყოს, ვიდრე აქამდე პროგნოზირებდნენ.
"ის, რომ ამონიტის ამჟამინდელი ორბიტა დანარჩენი სამი სედნოიდისას არ შეესაბამება, მე-9 პლანეტის ჰიპოთეზის მართებულობას ნაკლებად სავარაუდოს ხდის. შესაძლოა, ეს ციური სხეული ადრე მართლაც არსებობდა, მაგრამ მოგვიანებით მზის სისტემიდან გავარდა და ისეთი უჩვეულო ორბიტები დატოვა, როგორებსაც დღეს ვხედავთ", — აცხადებს სიმულაციების შემქმნელი, იუკუნ ჰუანგი.
იქ, სადაც ამონიტი მოძრაობს, ნეპტუნის გრავიტაციული გავლენა მცირეა. შესაბამისად, ამ რეგიონის უჩვეულო მახასიათებლები იქ ადრე მომხდარ "ექსტრაორდინარულ" მოვლენაზე მიუთითებს. იმედოვნებენ, რომ ამის შესახებ მეტს გაიგებენ.