მეცნიერებმა სისხლში გამოავლინეს 10 ნიშანი, რომელიც სწრაფ დაბერებაზე მიუთითებს

სიხლის ანალიზი

მიუხედავად იმისა, რომ დაბადების დღეს ყოველ 12 თვეში ერთხელ აღვნიშნავთ (ჩვენი ქრონოლოგიური ასაკი), ის ყოველთვის არ ემთხვევა იმ მაჩვენებელს, რომლითაც ჩვენი სხეული ცვდება (ჩვენი ბიოლოგიური ასაკი).

მეცნიერებმა ახლახან გამოავლინეს სისხლის 10 სხვადასხვა მარკერი, რომლებიც სხვაობის შემჩნევაში დაგვეხმარება.

ბიოლოგიური ასაკის გაზომვის უკვე მრავალი გზა არსებობს, მაგრამ საჭიროა შეიქმნას ტესტები, რომლებიც უფრო საიმედო და მარტივი იქნება. ამ აღწერილობას მოერგება სისხლის ანალიზი, რომელიც სპეციფიკური ბიომარკერების აღმოჩენას ისახავს მიზნად.

კვლევა გერმანიის კონსტანცის უნივერსიტეტის ჯგუფმა ჩაატარა; მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ სისხლის სკანირების ახალი მეთოდი გააუმჯობესებს ბიოლოგიური დაბერების ჩვენეულ გაგებას, ასევე შეასრულებს ასაკთან დაკავშირებულ დაავადებათა რისკის გამაფრთხილებელი სისტემის როლს.

„ბიოლოგიური დაბერების პროცესი ძლიერ კომპლექსურია. გავლენას ახდენს სხეულის ყველა ქსოვილსა და ორგანოზე და მხოლოდ ერთი მიზეზის შედეგი არ არის. ამიტომ, ერთეული ბიომარკერები საკმარისი არ არის პირის ბიოლოგიური ასაკის საიმედოდ გასაზომად. ამას გარდა, არსებობს სხვაობა კაცის და ქალის დაბერებას შორის“, — ამბობს კონსტანცის უნივერსიტეტის ბიოლოგი მარია მორენო-ვილიანუევა.

მკვლევრებმა დაიწყეს 35-დან 74 წლამდე ასაკის 3300 ადამიანის სისხლის ნიმუშებში 362 სხვადასხვა პარამეტრის გაზომვით. ამ ბიომარკერთაგან 10 ყველაზე მნიშვნელოვნამდე დასაყვანად, მათ სტატისტიკური მოდელირება და მანქანური დასწავლა გამოიყენეს; ასე შეადგინეს 10-მარკერიანი სია ცალკე მამაკაცებისა და ცალკე ქალებისთვის.

ეს ფილტრაცია განხორციელდა თითოეული ბიომარკერის შედარებით ქრონოლოგიურ ასაკთან — რაც მოიცავდა ქიმიურ, გენეტიკურ, უჯრედულ და მოლეკულურ სიგნალირებას. აირჩიეს კომბინაციები, რომლებმაც ყველაზე მიახლოებით იწინასწარმეტყველა ასაკი.

ამან მკვლევრებს მისცა პროგნოზირების ფაქტორების ნაზავი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ გამოიყურება ადამიანის სისხლი გარკვეულ ქრონოლოგიურ ასაკში. როდესაც ვინმეს სისხლის „ასაკობრივ რეიტინგ“ აკლია მისი ნამდვილი ასაკის ნიშანი, ეს გახლავთ უფრო ნელი ან სწრაფი ბიოლოგიური დაბერების მანიშნებელი.

ბიომარკერთა სიზუსტის შესაფასებლად, მკვლევრებმა სისხლის ანალიზები ჩაატარეს ხალხის იმ ჯგუფებზე, რომლებიც უკვე ცნობილი იყო, რომ ბიოლოგიური თვალსაზრისით სწრაფად ან ნელა ბერდებოდნენ: დაუნის სინდრომის მქონეებზე, მწეველებზე და ჰორმონოთერაპიაზე მყოფ ქალებზე.

სისხლის ანალიზებმა ბიოლოგიურ დაბერებაში მოსალოდნელი ცვლილებები გამოავლინა — ან სწრაფი, ან ნელი — რაც აჩვენებს, რომ იდენტიფიცირებული ბიომარკერების ინტერპრეტაცია სწორად ხდებოდა.

მოწევის, ჰორმონების ჩანაცვლების თერაპიის ან დაუნის სინდრომის დაბერებაზე ეფექტების შესახებ მიმდინარე კვლევების ფონზე, ყველა ეს შედეგი შესაძლებელია და ადასტურებს ჩვენი ბიოასაკის ქულის ვალიდურობას“, — ამბობს კონსტანცის უნივერსიტეტის მოლეკულური ტოქსიკოლოგი ალექსანდერ ბიურკლე.

კვლევის კიდევ ერთი საინტერესო შედეგი იყო ის, რომ შერჩეულთაგან ზოგიერთ ბიომარკერს, როგორც ჩანს, წვლილი შეაქვს ბიოლოგიურ დაბერებაში (ე. წ. დრაივერი), ზოგიერთი კი მხოლოდ მისი ინდიკატორია (ე. წ. თვითმხილველი).

ეს ექსპერტებს პოტენციურად უფრო მეტ ცნობას აწვდის სისხლის ანალიზის საფუძველზე ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ. ბიოლოგიური დაბერება ფიზიკური მდგომარეობისა და კეთილდღეობის სასარგებლო საზომია, რადგან „ახალგაზრდა“ სხეული როგორც წესი, ასოცირდება უკეთეს ჯანმრთელობასთან და დიდხანს სიცოცხლესთან.

მკვლევართა აზრით, ახლად შემუშავებული ტესტი შეიძლება გამოსადეგი აღმოჩნდეს მრავალმხრივ — არა მხოლოდ ჯანმრთელობის შესაფასებლად, არამედ ასაკთან დაკავშირებული მრავალი სხვადასხვა დაავადების მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად.

ვინაიდან გლობალური მოსახლეობა დაბერების ტენდენციას განაგრძობს, მკვლევრები აქტიურად მუშაობენ და ეძებენ გზებს, რომ დიდხანს სიცოცხლე ნიშნავდეს უფრო ჯანმრთელსაც. ბიოლოგიური დაბერების მუშაობის შესახებ სრულყოფილი ცოდნა ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია.

კვლევა Aging Cell-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია alphagalileo.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.