მეცნიერებმა ხანდაზმული ადამიანების ორგანიზმში სიმსივნის საწინააღმდეგო უჯრედები აღმოაჩინეს - კვლევა

ვაქცინა კიბოს წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ 100 წლამდე მიღწეულ ადამიანებს იმუნური სისტემა სუსტი აქვთ,  ამასთან, მათ ორგანიზმში შეიმჩნევა  იშვიათი იმუნური უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც ციტოტოქსიკური CD4 T-ლიმფოციტები (CD4 CTL). ეს უჯრედები კიბოს ზოგიერთი ტიპის დროს სიმსივნური უჯრედების განადგურებას ახერხებენ. წერს  SciTechDaily.

19 აგვისტოს ჟურნალ Cell Reports-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხანდაზმულ ასაკში იმუნურმა სისტემამ შესაძლოა განაგრძოს ასაკობრივ ცვლილებებთან ადაპტაცია. CD4 CTL უჯრედები გამოვლინდა 110 წლის ასაკს მიღწეულ ზედმეტად ხანდაზმულებში. მეცნიერებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები იმისა, რომ ეს უჯრედები მრავლდებიან და ასაკთან ერთად მათი რაოდენობა იზრდება.

მკვლევრებმა შეისწავლეს 28 ადამიანის სისხლის ნიმუში, რომლებიც სამ ასაკობრივ ჯგუფად იყო დაყოფილი: 70–99, 100–109 და 110 წელი და მეტი. CD4 CTL-ის მედიანური დონე ამ ჯგუფებში თანმიმდევრულად იზრდებოდა, შესაბამისად, 4%-დან 9,6%-მდე, შემდეგ კი 17,6%-მდე. მიღებული მონაცემები მიანიშნებს, რომ ამ უჯრედების გამრავლება დაახლოებით 100 წლის ასაკიდან იწყება. ამის შემდეგ მკვლევრებმა მონაწილეთა T-უჯრედების რეცეპტორები გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ უჯრედები თავადვე ქმნიდნენ კლონებს და ამ გზით უწყობდნენ ხელს რაოდენობის ზრდას. CD4 CTL-ს შეუძლია საკუთარი ასლების შექმნა, როდესაც იმუნური სისტემა საფრთხეს აწყდება. ერთ-ერთ ხანდაზმულთან ერთი კლონი სისხლის ნიმუშში არსებული ყველა CD4 CTL-ის 53,8%-ს შეადგენდა.

შეუძლიათ თუ არა ამ უჯრედებს კიბოსგან დაცვა?

იმის გასარკვევად, თუ რაზე შეიძლება რეაგირებდნენ ეს უჯრედები, მკვლევრებმა თითოეული მონაწილის მთავარი CD4 CTL კლონის რეცეპტორების თანმიმდევრობები საჯარო მონაცემთა ბაზაში შენახულ თანმიმდევრობებს შეადარეს. თითქმის სამი ათეული დამთხვევა დაფიქსირდა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ჰქონდათ კიბო, მათ შორის ფილტვის, ძუძუსა და ღვიძლის კიბო. კვლევის არცერთ ასწლოვან ან ზედმეტად ხანდაზმულ მონაწილეს ეს დაავადება არ ჰქონია, რამაც მკვლევრებს საშუალება მისცა ეფიქრათ, რომ ამ უჯრედების გამრავლება შესაძლოა ანომალიური სამიზნეების წინააღმდეგ მიმართულ ადრეულ იმუნურ რეაქციას წარმოადგენდეს.

ვაქცინა კიბოს წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ წელს მელანომის საწინააღმდეგო ახალმა ვაქცინამ კლინიკური კვლევები გაიარა. ეს პერსონალიზებული მრნმ-ვაქცინა პრეპარატ „ინტისმერანის“ საფუძველზე იმუნოთერაპიასთან ერთად დატესტეს. წინასწარი შედეგებით, კიბოს მქონე პაციენტებში რემისიის ხანგრძლივობა წლებით გაიზარდა.