გაზის მიწოდება 9 000 აბონენტს შეუწყდება
1782832963
სისხლის ერთი კონკრეტული ცილით, შესაძლოა, დემენციის რისკის პროგნოზირება ათწლეულებით ადრე მოხერხდეს.
ჩვენს ორგანიზმში არსებული ბიომარკერები ხშირად წინასწარ გვეუბნებიან, თუ როგორ წარიმართება მომავალში ჩვენი ჯანმრთელობა. ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულმა ახალმა მასშტაბურმა კვლევამ გამოავლინა უმნიშვნელოვანესი ადრეული ბიომარკერი, რომელიც შუახნის ასაკში გაზომვისას, ხანდაზმულობაში დემენციის განვითარების რისკს ააშკარავებს.
ახალი ბიომარკერი არის ცილა GDF15, რომელიც სისხლის პლაზმაში გვხვდება. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისლანდიასა და იაპონიაში ათეულობით ათას ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 55 წლის (ან უფრო ადრეულ) ასაკში სისხლში ამ ცილის მაღალი დონე მომდევნო ათწლეულებში დემენციის განვითარების პირდაპირი წინაპირობაა.
ტვინის ზომის შემცირება: მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სისხლში GDF15-ის მაღალი კონცენტრაცია მჭიდრო კავშირშია ცერებროსპინალურ სითხეში მის მატებასთან და თავის ტვინის ზომის შემცირებასთან. თუმცა, საინტერესოა, რომ ის არ უკავშირდება ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელ ტოქსიკურ ამილოიდურ გროვებს.
„მენდელის რანდომიზაციის“ გენეტიკური მეთოდით დამტკიცდა, რომ ეს ცილა დაავადების უბრალო გვერდითი ნიშანი კი არ არის, არამედ თავად წარმოადგენს დემენციის (განსაკუთრებით ვასკულარული დემენციის) ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას, რადგან ეს გენეტიკური კავშირი დამოუკიდებელია ადამიანის ცხოვრების წესისგან.
ჩვეულებრივ, GDF15-ის ფუნქცია ორგანიზმში იმუნური სისტემის უსაფრთხოდ კონტროლი და ანთების მართვაა (მაგალითად, მას კიბოს უჯრედების გავრცელების დათრგუნვაც შეუძლია). თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ როდესაც საქმე დემენციას ეხება, ეს ცილა იმუნურ სისტემას ზედმეტად „ამშვიდებს“, რის გამოც ტვინი გარეშე დაზიანებების მიმართ სრულიად დაუცველი რჩება.
ამ აღმოჩენის წყალობით, მომავალში ექიმებს შეეძლებათ სიმპტომების გამოჩენამდე ათწლეულებით ადრე მიიღონ პრევენციული ზომები დაავადების მართვისა და მკურნალობისთვის.