კვლევა: თვალის პრობლემებმა შესაძლოა დემენცია 12 წლით ადრე მიანიშნოს

თვალი

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები შეიძლება დემენციის განვითარების ერთ-ერთი ადრეული ინდიკატორი იყოს და დაავადებაზე დიაგნოზამდე დაახლოებით 12 წლით ადრე მიანიშნებდეს.

კვლევა ჩატარდა ნორფოლკიში, სადაც 8 623 ადამიანის მონაცემები მრავალწლიანი დაკვირვების ფარგლებში შეისწავლეს. ამ პერიოდში დემენცია 537 მონაწილეს განუვითარდა, რამაც სპეციალისტებს შესაძლებლობა მისცა, დაავადების ადრეული ნიშნები გამოეკვლიათ.

კვლევის ფარგლებში მონაწილეებს მხედველობის ტესტი ჩაუტარდათ — მათ მოძრავ წერტილებს შორის სამკუთხედის ამოცნობა ევალებოდათ. შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მოგვიანებით დემენცია განუვითარდათ, ამოცანის შესრულება სხვებზე მეტი დრო დასჭირდათ.

მეცნიერები განმარტავენ, რომ ალცჰაიმერის დაავადება პირველ რიგში აზიანებს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც მხედველობას აკონტროლებს. ამის შემდეგ ზიანდება მეხსიერებასთან დაკავშირებული ცენტრები. სწორედ ამიტომ, მხედველობის ტესტები შესაძლოა დაავადების ნიშნებს უფრო ადრე გამოავლენდეს, ვიდრე მეხსიერების შემოწმება.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დემენციის ადრეულ ეტაპზე რთულდება ფერების — განსაკუთრებით ლურჯისა და მწვანის — გარჩევა, ასევე მცირდება კონტრასტის აღქმა. გარდა ამისა, დარღვევები ვლინდება თვალის მოძრაობის კონტროლშიც — პაციენტებს ყურადღება ადვილად ეფანტებათ და ხშირად უმნიშვნელო ობიექტებზე კონცენტრირდებიან.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დემენციის მქონე ადამიანებს ხშირად უჭირთ ახალი სახეების დამახსოვრება, რაც შესაძლოა არა მხოლოდ მეხსიერების, არამედ თვალის მოძრაობის დარღვევასთან იყოს დაკავშირებული.

ამასთან, მიმდინარეობს კვლევები იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა თვალის მოძრაობის აქტივაციას მეხსიერების გაუმჯობესება. ზოგიერთი მონაცემი მიუთითებს, რომ აქტიური ვიზუალური ჩართულობა — მაგალითად, კითხვა ან ეკრანზე დაკვირვება — შესაძლოა ტვინის ფუნქციების შენარჩუნებას უწყობდეს ხელს.

მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თვალის მოძრაობაზე დაკვირვება ამ ეტაპზე დამოუკიდებელ სადიაგნოსტიკო მეთოდად ვერ გამოიყენება და დამატებითი კვლევებია საჭირო, რათა მსგავსი მიდგომა კლინიკურ პრაქტიკაში დაინერგოს.