კისრის სისქე ჩვენს ჯანმრთელობაზე ბევრ კითხვას გასცემს პასუხს - ახალი კვლევა

kisris sisqe

შესაძლოა, ჩვენი კისრის სისქე ჯანმრთელობის ზოგიერთი რისკის უკეთესი ინდიკატორი იყოს, ვიდრე, მაგალითად, სხეულის მასის ინდექსი (BMI).

BMI ადგენს, რამდენად ჭარბწონიანია ადამიანი, თუმცა ის ჯანმრთელობის კლინიკური შეფასებისთვის უკვე იშვიათად გამოიყენება. პირობითად, წარმოიდგინეთ ბოდიბილდერი, რომლის სხეულის მასაც კუნთის ხარჯზეა გაზრდილი. ზოგჯერ ასეთი სპორტსმენების მაჩვენებლები იმ ნიშნულს აღწევს, რომ "არაჯანსაღ" კატეგორიაში გადადის, მაგრამ ეს მათ ცუდ ჯანმრთელობაზე სულაც არ მეტყველებს.

ყურადღება სულ სხვა დეტალს უნდა მიექცეს — ორგანოების გარშემო ცხიმის განაწილებას. ამის გამოსაკვლევად წელის გარშემოწერილობას ზომავენ ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს მეცნიერები კისრის ზომის მნიშვნელობაზეც ალაპარაკდნენ.

"კვლევები აჩვენებს, რომ სხეულის ზომასთან შედარებით უფრო დიდი კისრის მქონე ადამიანები ჯანმრთელობის რამდენიმე სერიოზული რისკის წინაშე დგანან. ამ კავშირს ის განაპირობებს, თუ რას გვეუბნება კისრის სისქე ცხიმის განაწილებაზე, განსაკუთრებით სხეულის ზედა ნაწილში", — აცხადებენ მეცნიერები.

ერთ-ერთი კვლევის შედეგად სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ კისრის გარშემოწერილობას შეიძლება უნიკალური გენეტიკური საფუძველი ჰქონდეს, რომელიც BMI-ისგან დამოუკიდებელია; 2019 წლის სხვა ნაშრომისთვის ავტორებმა ჩილეში 4600 ადამიანი შეისწავლეს. მათ დაადგინეს, რომ, შესაძლოა, ერთ დღეს კისრის სისქემ წელის საზომი ჩაანაცვლოს და ახალ კლინიკურ ინდიკატორად იქცეს.

ამ საკითხის შესახებ The Conversation-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები ამბობენ, რომ კვლევების ნაწილი კისრის სისქესა და სხვადასხვა პრობლემას შორის სავარაუდო კავშირზე მიანიშნებს. მათ შორისაა სისხლის მაღალი წნევა, წინაგულების ფიბრილაცია (გულისცემის რითმის დარღვევა) და კორონარული არტერიის დაავადება; ასევე, არსებობს პოტენციური ბმა მეორე ტიპის დიაბეტთან, ძილის აპნოესთან (ძილის დროს სუნთქვის დროებითი შეწყვეტა) და პოლიცისტური საკვერცხის სინდრომთან. ამ უკანასკნელთან შესაძლო ასოციაცია 2025 წლის ნაშრომში გამოვლინდა, თუმცა, მეცნიერების თქმით, დასარწმუნებლად უფრო დიდი პოპულაციის შესწავლა და სიღრმისეული კვლევაა საჭირო.

სტატიაში მეცნიერები წერენ, რომ კაცებისთვის ჯანმრთელობის შესაძლო რისკებთან კისრის 43 სანტიმეტრი ან მეტი გარშემოწერილობაა დაკავშირებული; ქალებისთვის საყურადღებო მაჩვენებელი 35.5 სანტიმეტრი ან მეტია. ეს დეკადების განმავლობაში მიმდინარე "ფრემინგემის გულის კვლევის" ფარგლებში მოპოვებულ მონაცემებს ემყარება.

ავტორების მიერ ციტირებული ნაშრომი 2022 წლისაა. ის კისრის ზომასა და წინაგულების ფიბრილაციის სტატისტიკურ კორელაციაზე მიანიშნებს მაშინაც კი, როცა BMI და წელის გარშემოწერილობა ნორმის ფარგლებშია. ამის მიუხედავად, ეს ასოციაცია ყველაზე შესამჩნევი მაინც სიმსუქნის მქონე ადამიანებში იყო.

თუკი თქვენი კისრის სისქე ზემოხსენებულ ზომებს აღემატება, არ შეშინდეთ. ჯერჯერობით ეს ინდიკატორი დანერგილი არაა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად დიდი სურათის მცირე ნაწილია.