ხელოვნური ინტელექტი სამეცნიერო ფანტასტიკის ზღვარს უახლოვდება - Claude-ის შემქმნელი „დამუხრუჭებას“ ითხოვს

ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი იმ ზღვარს უახლოვდება, რომელიც ცოტა ხნის წინ ჯერ კიდევ სამეცნიერო ფანტასტიკად მიიჩნეოდა. Anthropic-ის თანადამფუძნებლის, ჯეკ კლარკის თქმით, მომდევნო 12 თვის განმავლობაში ახალმა AI სისტემებმა შესაძლოა ადამიანებთან ერთად ისეთი აღმოჩენის შექმნაში შეიტანონ წვლილი, რომელიც ნობელის პრემიას დაიმსახურებს.

ამასთან ერთად, ინდუსტრიის ექსპერტები უკვე საუბრობენ სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ მართულ კომპანიებზე და ჰუმანოიდი რობოტების სწრაფ გავრცელებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში, წერს EVZ.

ოქსფორდის უნივერსიტეტში წაკითხული ლექციის დროს კლარკმა გააფრთხილა, რომ კვლავ არსებობს რეალისტური სცენარები, სადაც ამ ტექნოლოგიას შესაძლოა უკიდურესად მძიმე შედეგები მოჰყვეს. მისი თქმით, არსებობს სიტუაციები, როდესაც AI-ს „ნულზე მეტი შანსი“ ექნება, რომ „პლანეტის მთელი მოსახლეობა გაანადგუროს“. მან ასევე აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია მკაფიოდ ითქვა, რომ ეს რისკი არ გამქრალა“.

ამავე კონტექსტში, კლარკმა ხელოვნური ინტელექტის განვითარების ამჟამინდელი ტემპი ძნელად სამართავად შეაფასა და თქვა, რომ საზოგადოება მისი გრძელვადიანი შედეგებისთვის მზად არ არის.

Anthropic-ის ხელმძღვანელის თქმით, AI-ის განვითარება უნდა შენელდეს.
მისი აზრით, ტექნოლოგიური პროგრესის შენელება სასურველი იქნებოდა, რათა საზოგადოებას მეტი დრო ჰქონდეს ადაპტაციისთვის. კლარკმა აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა, ადამიანებს განვითარების ტემპის შემცირება შეეძლოთ, „რათა როგორც სახეობას, მეტი დრო გვქონდეს შედეგების გასააზრებლად“.

თუმცა, თავადვე მიიჩნევს, რომ ასეთი სცენარი ნაკლებად რეალურია, რადგან ტექნოლოგიის განვითარებას ერთდროულად მრავალი კომპანია და სახელმწიფო უწყობს ხელს. მათი მუდმივი კონკურენცია — როგორც კომერციული, ისე გეოპოლიტიკური — ხშირად რისკების საკითხს მეორე პლანზე წევს.

კლარკმა OpenAI უსაფრთხოების საკითხებზე უთანხმოების გამო დატოვა.
კლარკი Anthropic-ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. კომპანია იმ მკვლევრებმა დააარსეს, რომლებმაც OpenAI დატოვეს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.

ამავე დროს, Anthropic კრიტიკის ობიექტიც გახდა AI-ის განვითარების დაჩქარების მომხრეების მხრიდან, მათ შორის პოლიტიკურ წრეებში. ისინი კომპანიას „პანიკის დათესვაში“ ადანაშაულებენ, თითქოს რეგულაციებზე გავლენის მოხდენას ცდილობდეს, ბრალდებებს კი Anthropic უარყოფს.

კლარკის თქმით, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ უარყოფის ეტაპზეა და ვერ აცნობიერებს, რამდენად სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი.

„მალე ის ჩვენ ყველას ერთად აღებულზე უფრო უნარიანი იქნება,“  ამბობს კლარკი.

მან AI-ის მიმართ საზოგადოების მოუმზადებლობა COVID-19-ის პანდემიის დროს რეაგირების სირთულეებსაც შეადარა.