ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, კვლევის  არასახარბიელო შედეგები გამოქვეყნდა

ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი (AI) სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის ეფექტიან ინსტრუმენტად მიიჩნევა, თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მისი გამოყენება ყოველთვის არ ამცირებს დატვირთვას. კალიფორნიის უნივერსიტეტის, ბერკლის ჰაასის ბიზნესსკოლის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ AI-ს დანერგვამ რიგ შემთხვევებში თანამშრომელთა სამუშაო მოცულობა გაზარდა.

კვლევის ავტორები რვა თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ დაახლოებით 200 თანამშრომლიან ტექნოლოგიურ კომპანიას. მათი დაკვირვებით, AI ინსტრუმენტების გამოყენებამ სამუშაო დატვირთვის ე.წ. „მცოცავი ზრდა“ გამოიწვია.

თანამშრომლებმა საკუთარ თავზე იმაზე მეტი დავალება აიღეს, ვიდრე გრძელვადიან პერსპექტივაში შესრულება შეეძლოთ. შედეგად გაჩნდა დაღლილობის, გადაწვისა და სამუშაოს ხარისხის გაუარესების რისკი.

კვლევაში მონაწილე თანამშრომლები თავდაპირველად ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ AI-ს გამოყენებას. მათი თქმით, ტექნოლოგია მეტის გაკეთების შესაძლებლობას იძლეოდა და დროის დაზოგვის მოლოდინს ქმნიდა. თუმცა მოგვიანებით ბევრმა აღიარა, რომ რეალურად არც ნაკლებს მუშაობდა და ზოგჯერ უფრო მეტსაც კი. ზოგიერთმა თანამშრომელმა იმ დავალებების შესრულებაც დაიწყო, რომლებსაც ადრე სხვას აბარებდა ან რომელთა შესასრულებლად დამატებითი კადრის აყვანა გახდებოდა საჭირო.

კვლევის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა სხვა ტენდენციებიც. მაგალითად, ინჟინრებს მეტი დრო ეხარჯებოდათ კოლეგების მიერ AI-ის დახმარებით შექმნილი კოდის გასასწორებლად. გაიზარდა მულტიტასკინგიც — თანამშრომლები ერთდროულად მუშაობდნენ საკუთარ დავალებაზე და აკონტროლებდნენ AI-ს მიერ გენერირებულ ვერსიებს, რაც მუდმივი ყურადღების გადართვასა და სტრესს იწვევდა.

მკვლევრების შეფასებით, AI ინსტრუმენტებმა სამუშაოსა და პირად დროს შორის არსებული ზღვარიც ნაწილობრივ წაშალა. თანამშრომლები ტექნოლოგიას შესვენების დროსაც იყენებდნენ, რის გამოც თავისუფალი დრო დასვენებისა და ძალების აღდგენის ფუნქციას ვეღარ ასრულებდა.

ავტორები აღნიშნავენ, რომ AI-მ შესაძლოა შექმნას მანკიერი წრე: ტექნოლოგიის გამოყენებით დავალებების შესრულება ჩქარდება, რაც სისწრაფეზე მოლოდინებს ზრდის; გაზრდილი მოლოდინი კი თანამშრომლებს კიდევ უფრო მეტ საქმეს აკისრებს და მათ დამოკიდებულებას აძლიერებს AI-ზე.

ჰაასის ბიზნესსკოლის მკვლევრები კომპანიებს ურჩევენ, ტექნოლოგიების გამოყენებისთვის მკაფიო გაიდლაინები და სტრუქტურა შეიმუშაონ. მათი შეფასებით, AI-ს დანერგვამ შეიძლება მოჰყვეს ისეთი შედეგები, რომლებიც დამატებით კვლევასა და მართვას საჭიროებს, რათა სამუშაო გარემოზე უარყოფითი გავლენა შემცირდეს.