ისტორიაში პირველად, კოსმოსში წელს ქვემოთ პარალიზებული ადამიანი მოხვდა

კოსმოსში

ისტორიაში პირველად, კოსმოსში წელს ქვემოთ პარალიზებული ადამიანი იმყოფებოდა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ინჟინერი, გერმანელი მიკაელა ბენტჰაუსი ამერიკული კომერციული კომპანია Blue Origin-ის მიერ ორგანიზებული ხანმოკლე კოსმოსური ექსპედიციის ექვსკაციანი ეკიპაჟის წევრი იყო. მისი ფრენა ხომალდ New Shepard-ით 11 წუთს გაგრძელდა.

„სიმართლე გითხრათ, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მაგარი გამოცდილება იყო“, - განაცხადა ბენტჰაუსმა დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ. გერმანიის ქალაქ კილის მკვიდრი, 33 წლის ქალი 2018 წელს ველოსიპედიდან გადმოვარდნის შემდეგ წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა და მას შემდეგ ეტლით გადაადგილდება.

„ვფიქრობ, საკუთარ ოცნებებზე უარი არასდროს უნდა თქვათ. ყოველთვის არსებობს მათი ახდენის მცირე შანსი“, - თქვა ბენტჰაუსმა, რომელიც კოსმოსში ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის კუთვნილი Blue Origin-ის მე-16 პილოტირებული ფრენის ფარგლებში მოხვდა. კომპანიის მონაცემებით, რამდენიმე წლის განმავლობაში კოსმოსურ ექსპრეს-ფრენებში მონაწილეობა დაახლოებით 80-მა კლიენტმა მიიღო.