იშვიათი ტიპის სიმსივნე შეიძლება ადამიანის ხმით ამოვიცნოთ - კვლევა

იშვიათი ტიპის სიმსივნე

ხმის იოგების სიმსივნურმა დაზიანებამ შეიძლება ადამიანის ხმა მცირედით შეცვალოს. ამის დაფიქსირება პოტენციურად ხორხის კიბოს ამოცნობაში დაგვეხმარება. ცხადია, ამ სხვაობას ყურით ვერ შევამჩნევთ, თუმცა სპეციალური ხელსაწყოებით ეს შესაძლებელია.

ახლახან მეცნიერებმა მანქანური დასწავლის ალგორითმები შექმნეს, რომლებიც ხმის ცვლილებას აფიქსირებს. გარკვეული შრომა კიდევ არის საჭირო, თუმცა შესაძლოა, სამომავლოდ ამით ხორხის სიმსივნე იმაზე მალე აღმოვაჩინოთ, ვიდრე არსებული მეთოდებით არის შესაძლებელი.

2021 წელს მსოფლიოში 1.1 მილიონ ადამიანს დაუსვეს ხორხის კიბოს დიაგნოზი, ასიათასი პაციენტი კი დაიხოცა. ამ პრობლემის დიაგნოსტირებისთვის ამჟამად ცხვირის ენდოსკოპია და ბიოფსიები გამოიყენება.

სკრინინგისთვის განკუთვნილი ციფრული საშუალებები, შესაძლოა, ხორხის კიბოს ადრეული ნიშნების დაფიქსირებაში დაგვეხმაროს. ასე შესაძლებელი იქნება, რომ სპეციალისტებმა რისკჯგუფში მყოფთა ხმის ჩანაწერები გამოიკვლიონ, როგორც პირველადი შეფასება. შედეგად დიაგნოზი იმაზე მალე დაისმება, ვიდრე სხვა შემთხვევებში.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ხმის 12 523 ჩანაწერი გააანალიზეს, რომლებიც 306 ჩრდილოამერიკელ ადამიანს ეკუთვნოდა. კაცების შემთხვევაში მათ ხმის მახასიათებლები გამოავლინეს, რომლებიც მიანიშნებს, იოგების დაზიანება სიმსივნურია თუ კეთილთვისებიანი.

უფრო ზუსტად, ხმაში ჰარმონიისა და ხმაურის თანაფარდობის (ურთიერთკავშირი ჟღერადობასა და ხმაურს შორის) მეშვეობით გამიჯნეს კაცები, რომლებსაც სიმსივნე, კეთილთვისებიანი დაზიანებები და ხმის დაავადებები ჰქონდათ.

მეცნიერებმა ქალების ხმაში სიმსივნეზე მიმანიშნებელ ისეთ მახასიათებლებს ვერ მიაგნეს, რომლებიც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იქნებოდა. ავტორები იმედოვნებენ, რომ ქალების ხმის უფრო მეტი ჩანაწერით უკეთეს შედეგებს მიიღებენ.

"ამ კვლევის შემდეგი ნაბიჯი რომ AI ხელსაწყო იყოს, რომელსაც ხმის იოგების დაზიანების ამოცნობა შეუძლია, მოდელები ხმის ჩანაწერთა უფრო დიდ ბაზებზე უნდა გავწვრთნათ; ჩანაწერები პროფესიონალების მიერ იქნება დახარისხებული. საჭიროა სისტემის შემოწმება, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი ქალებზეც და კაცებზეც ერთნაირად კარგად მუშაობს", — აცხადებს ფილიპ ჯენკინსი, კლინიკური ინფორმატიკის სპეციალისტი ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტიდან.

მისი თქმით, ხმის ანალიზისთვის უკვე არაერთი ციფრული ხელსაწყო იტესტება. შესაბამისი მუშაობის შემთხვევაში, ჯენკინსის აზრით, რამდენიმე წელში შეიძლება ისეთი ხელსაწყოს გამოცდაც დაიწყოს, რომელიც ხმის იოგათა დაზიანებას გააანალიზებს.

ნაშრომი გამოცემაში Frontiers in Digital Health გამოქვეყნდა.